ახალი ამბები

გავუფრთხილდები ჩემს გადაწყვეტილებას – პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე

3 ნოემბერი, 2019 • 2752
გავუფრთხილდები ჩემს გადაწყვეტილებას – პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „ძალიან გაუფრთხილდება“ პატიმრობაში მყოფი დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალების განხილვას.

„ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი. ამ საზოგადოებაში არის დღეს ვნებათაღელვა. ამიტომ ძალიან გავუფრთხილდები ჩემს გადაწყვეტილებას ამ მიმართულებით. ისედაც ჯერ ახალი წესები არ არის ჩამოყალიბებული. ამაზე ვმუშაობთ. როგორც კი მზად იქნება პრეზიდენტის ახალი ბრძანებულება, გაგაცნობთ, და მერე დავფიქრდები, რაც საჭირო არის, იმ დროს დავფიქრდები, რომ მიღებული გადაწყვეტილება იყოს ყველასთვის გასაგები. მგონი, გასაგებია, ქართულად ვლაპარაკობ“.

ზურაბიშვილმა ასევე თქვა: „ისედაც არ არის ჩამოყალიბებული ახალი წესები და უნდა დავიწყო შესწავლა ყველა იმ საქმის, რომელიც არის შემოტანილი. ასე რომ, ამას ყველაფერს დრო უნდა“.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართავს.

2 ნოემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარყო დეკანოზ მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტი სავარაუდოდ გიორგობას, 23 ნოემბერს შეიწყალებს.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ. დეკანოზი ბრალს არ აღიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი