ახალი ამბები

საქართველოში 8 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეები ჩამოვლენ

10 ნოემბერი, 2024 •
საქართველოში 8 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეები ჩამოვლენ

საქართველოში ევროკავშირის წევრი რვა ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეები ჩამოვლენ. ხვალ, 11 ნოემბერს მათ ორბელიანების სასახლეში უმასპინძლებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქვეყანას ეწვევიან გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო საქმეთა მიმართულების ხელმძღვანელი პირები.

ვიზიტის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერეს გერმანიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეებმა, მიხაილ როთმა და ჟიგიმანტას პავილიონისმა.

“საქართველო და მისი ხალხი ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. ჩვენ მოწადინებულები ვართ, რომ ევროპის გულში საქართველო იყოს თავისუფალი და დემოკრატიული. შეშფოთებულები ვართ გაყალბებული არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენებით”, – წერს როთი და სალომე ზურაბიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

“საქართველო არის ევროპა და არა რუსეთი” – ასე გამოეხმაურა დაგეგმილ ვიზიტს ლიეტუველი დიპლომატი, ჟიგიმანტას პავილიონისი.

მასალების გადაბეჭდვის წესი