ახალი ამბები

შსს: დაკავებულია პირი, რომელმაც დაზღვევის თანხის მისაღებად განაცხადა, რომ მანქანა მოპარეს

3 ნოემბერი, 2019 • 892
შსს: დაკავებულია პირი, რომელმაც დაზღვევის თანხის მისაღებად განაცხადა, რომ მანქანა მოპარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში თაღლითობის მცდელობის და ცრუ დასმენის ბრალდებით, 1960 წელს დაბადებული ფ.ს. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, მიმდინარე წლის სექტემბერში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩიდან მოპარული იყო ავტომობილი. გამოძიების მსვლელობისას დადგინდა, რომ ავტომობილის მფლობელმა, საქართველოს და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფ.ს.-მ, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, სადაზღვეო კომპანიისგან თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მიღების მიზნით, თავისი კუთვნილი ავტომობილი მეგობრის ავტოფარეხში დააყენა, ხოლო სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ავტომობილი მოპარეს.

შს სამინსიტროს ცნობით, ავტომობილის ქურდობის შესახებ პოლიციისთვის შეტყობინების შემდეგ, ფ.ს.-მ საქართველო მალევე დატოვა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იგი მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცრუ დასმენასა და თაღლითობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|

მასალების გადაბეჭდვის წესი