დღეს, 1 ნოემბერს, გიორგი (გოგა) ონიანმა საპატიმრო ვადაზე 2 წლით ადრე დატოვა.
ჟურნალისტებთან საუბარში მან განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში საზოგადოებასმოუყვება სასამართლოების მიერ ჩადენილ სისხლისამართლებრივი დანაშაულის შესახებ.
“რაც შეეხება საქმის გარემობებს, თუ რა და როგორ მოხდა და რა იყო იმის მიზეზი, რომ პროკურატურას წლების შემცირება მოვთხოვე, რა სისხლის სამართლის დანაშაულს ჰქონდა ადგილი პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს მხრიდან – ამაზე რამდენიმე დღეში შევიტან სარჩელს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სადაც ამ ყველაფერზე დეტალურად იქნება საუბარი და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გაიგებთ თქვენც“ ,- ამბობს გიორგი ონიანი “მთავარის“ ეთერში.
მისივე თქმით, მის ნათქვამში საზოგადოებისთვის ბევრი რამ მოულოდნელი იქნება.
2017 წლის 7 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ონიანი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, პოლიტიკური დევნისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, და 25-147-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, გიორგი ონიანს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
პროკურატურის ცნობით, კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლის, ასევე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა დაშინების მიზნით, 2011 წლის 15 და 17 ოქტომბერს, ონიანის ორგანიზებით, იმ დროისთვის პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისურების დამზადების მიზეზით შპს „დაო-პრინტის“ მენეჯერი დავით შათირიშვილი და აღნიშნული მაისურების საზოგადოებაში გამავრცელებელი ლ.მ. თბილისის შს სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონოდ დააკავეს.
ბრალდების ინფორმაციით, ონიანმა თავის დაქვემდებარებაში მყოფ პოლიციის თანამშრომელს დაავალა პატაკის შედგენა, თითქოსდა შათირიშვილი უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. პროკურატურის ცნობით, 2011 წლის 15 ოქტომბერს, ონიანის ორგანიზებითა და მისი უშუალო ხელმძღვანელობით, დააკავეს დავით შათირიშვილი.
ვრცლად ონიანის საქმეზე წაიკითხეთ ნეტგაზეთის არქივიდან:
