ახალი ამბები

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა NGO-ებთან EU-ს რეკომენდაციების შესრულების გეგმა განიხილა

5 ივლისი, 2022 • 676
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა NGO-ებთან EU-ს რეკომენდაციების შესრულების გეგმა განიხილა

დღეს, 5 ივლისს, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის პარლამენტში შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ დადგენილი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ „ლელოს“, „ნაციონალური მოძრაობის“, „საქართველოსთვის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენლები, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები: თამარ კორძაია, თაკო ჩარკვიანი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე. შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლები. როგორც ამ ორი პარტიის წევრებმა განაცხადეს, შეხვედრის შესახებ მისი დაწყების დროს აცნობეს.

რაც შეეხება შეხვედრის შინაარს, როგორც მისი დასრულების შემდეგ „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, არასამთავრობოებთან განიხილეს, თუ რა არის კონკრეტულად გასაკეთებელი ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესასრულებლად. მისივე თქმით, ამ 12 პუნქტის შესასრულებლად არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ხედვა დიდწილად მათსას ემთხვევა.

„ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აქ არის მოსაზრებების სერიოზული თანხვედრა და ეს ადასტურებს იმას, რომ ვისაც საქმიანი და კონკრეტული მიდგომა უნდა, ბევრი გასარჩევი არ არის, თუ რა უნდა გაკეთდეს. მთავარი საკითხი არის პოლიტიკური ნება და ამ პოლიტიკური ნების არარსებობა ხელისუფლების მხრიდან ქმნის დღეს პრობლემას. მთავარი ამოცანა არის ეს, რომ შეიქმნას პოლიტიკური ნება ამ რეფორმების განსახორციელებლად.

რა თქმა უნდა, აქ თავისი როლი აქვს ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას, მოქალაქეებს, რომლებიც რუსთაველზე გამოვიდნენ და მშვიდობიანად დააფიქსირეს, რა სურთ მათ და ეს პროცესი, საბოლოო ჯამში, უნდა მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, საპარლამენტო ოპოზიცია ახლა რიგგარეშე სესიის დღის წესრიგზე მუშაობს, რადგან ახლა პარლამენტი დასასვენებლად არ უნდა იყოს წასული და
ერთ წუთსაც არ უნდა კარგავდეს.

როგორც შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენლემა გიორგი ონიანმა განაცხადა, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მათი გეგმის მიმართ დიდი ინტერესი გამოიჩინეს. მისივე თქმით, ამ პროცესში არასამთავრობოები ყველას შეხვდებიან.

„ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა იყო. დიდი ინტერესი იყო ოპოზიციონერების მხრიდან და გვგონია, ნამდვილად არის პერსპექტივა იმისა, რომ ამ შინაარსის მქონე გეგმით ჩვენ მივიდეთ სტატუსამდე. ეს გეგმა შეიცავს ყველა იმ პუნქტს, რომელიც აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მისაღებად და აქ არის დროში გაწერილი საზომებით, თუ რა შემთხვევაში ჩაითვლება ეს შესრულებულად. ეს არის ძალიან მარტივი, მინიმალური მოთხოვნები, რომელიც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ჩვენ დავაკმაყოფილოთ ეს სტატუსი და ის აბსოლუტურად მოსწრებადია 6 თვის ვადაში“, – განაცხადა გიორგი ონიანმა.


23 ივნისს ევროპულმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ თანმხლები პირობებით, საქართველოს კი არა. სამივე ქვეყნის შემთხვევაში ევროპულმა საბჭომ მათი ევროპული პერსპექტივა აღიარა.

მანამდე, 17 ივნისს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი დასკვნა, სადაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობას უყენებს.

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მოპოვებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა. მათი შეფასებით, თუკი პოლიტიკური ნება გამოჩნდა და გეგმა შესრულდა, ქვეყანას შეეძლება, ეს სტატუსი 2022 წლის ბოლომდე მიიღოს.

სამოქმედო გეგმა მოიცავს 12 ნაბიჯს და ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა, მართლმსაჯულება, ადამიანთა უფლებები, „დეოლიქარგიზაცია“, სამოქალაქო სექტორის ჩართულობის გაზრდა და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი