ახალი ამბები

არასამთავრობოები სუს-ს სავარაუდო უკანონო მოსმენის გამო უჩივიან

12 აგვისტო, 2021 • 1154
არასამთავრობოები სუს-ს სავარაუდო უკანონო მოსმენის გამო უჩივიან

სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები პროკურატურას მიმართავენ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებენ.

ეს საქმე უკავშირდება ნიკა გვარამიას მიერ აგვისტოს დასაწყისში გასაჯაროებულ დოკუმენტებს, რაც, თავის მხრივ, სავარაუდოდ, ფარული მოსმენების ანგარიშებს აღწერდა.

საგამოძიებო უწყებას მიმართავენ გიორგი ონიანი (საერთაშორის გამჭვირვალობა – საქართველო), გიორგი მშვენიერაძე (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა) და გურამ იმნაძე (სოციალური სამართლიანობის ცენტრი).

სამივე მათგანი პროკურატურისგან მოითხოვს გამოძიების დაწყებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს თანამშრომლების სავარაუდო უკანონო საქმიანობის შესახებ.

როგორც ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში წერია, პროკურატურისთვის განცხადებით მიმართვის საფუძველი გახდა პირველ აგვისტოს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემაში გახმიანებული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სავარაუდოდ, უკანონო საქმიანობის, მათ შორის ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ.

კონტექსტი

„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ პირველ აგვისტოს განაცხადა, რომ ხელთ აქვს დოკუმენტები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, რომლებიც აღწერს სხვადასხვა პირზე, – მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებზე, ჟურნალისტებზე, საელჩოების თანამშრომლებზე, ბიზნესმენებზე, სასულიერო პირებზე და ა.შ., – თვალთვალის შესახებ ინფორმაციას.

გვარამიას თანახმად, აღნიშნული ჩანაწერებიდან (როგორც თავად უწოდა – კრებსებიდან), რომლებიც 2020 წლით თარიღდება, ირკვევა, რომ სუსი, სავარაუდოდ, უკანონოდ მოიპოვებს ინფორმაციას ამ ადამიანების პირადი ცხოვრების, მათ შორის სექსუალური ორიენტაციის, შესახებ.

გვარამიამ ოპერატიული ინფორმაციის მოკლე შეჯამების ათობით მაგალითი წაიკითხა, რომელიც სხვადასხვა ადამიანის პირადი ცხოვრების ინტიმურ დეტალებს მიმოიხილავს.

უმრავლეს შემთხვევაში ნიკა გვარამიას არ დაუკონკრეტებია იმ პირთა ვინაობა, ვისაც, მისი ინფორმაციით, უსმენენ და მხოლოდ სახელის ან გვარის ინიციალებით შემოიფარგლებოდა. თუმცა რამდენიმე შემთხვევაში სრულად დაასახელა სავარაუდო მოსმენის/თვალთვალის/მიყურადების ობიექტები.

სწორედ ასეთი ერთ-ერთი მაგალითი იყო არასამთავრობო ორგანიზაციების, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC-ის) და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენლების ეპიზოდი.

არასამთავრობოების წარმომადგენლების საუბარი

კერძოდ, გვარამიას მიერ გასაჯაროებულ მასალაში ნახსენები იყო გიორგი ონიანს, გურამ იმნაძესა და გიორგი მშვენიერაძეს შორის 2020 წლის ივნისში შემდგარი სატელეფონო კომუნიკაცია.

ეს საუბრები „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ (ყოფილი EMC-ის) ერთ-ერთი დირექტორის, თამთა მიქელაძის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებას შეეხებოდა.

სამივე განმცხადებელი ადასტურებს აღნიშნული კომუნიკაციისა და საუბრის შინაარის ნამდვილობას. ამის გათვალისწინებით, ორგანიზაციების განცხადებით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ გადაცემაში განხილული ოპერატიული კრებსები მართლაც სუს-ის მიერ არის შექმნილი და დამუშავებული.

„აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტიდან გასულია 1 წელზე მეტი და არცერთი განმცხადებელი ინფორმირებული არ ყოფილა შესაბამისი სამსახურებიდან, რომ მათ მიმართ ხორციელდებოდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ ორგანიზაციები.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად, პროკუტარურა ვალდებულია დაიწყოს გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს თანამშრომლების სავარაუდო უკანონო საქმიანობის, კერძოდ კი, სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტზე“, – აცხადებენ ორგანიზაციები.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2 აგვისტოს განაცხადა, რომ „მთავარი არხის“ გავრცელებული ინფორმაცია „სიცრუე“ და „დეზინფორმაციაა“, რომელიც ემსახურება „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და უნდობლობის გაღვივებას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ“.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, რომელიც სამოხელეო გადაცდომებს სწავლობს და იძიებს ხოლმე, „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ აღნიშნულ საკითხზე გამოძიებას არ დაიწყებენ, რადგან უწყების კომპეტენციას სცილდება.

„ნეტგაზეთი“ ასევე დაუკავშირდა საქართველოს პროკურატურას, თუმცა პასუხი არ მიგვიღია.

ვრცლად:

„ეს შენ გეხება“ 2021 წელსაც – რა ვიცით „მოსმენების ახალ საქმეზე“

მასალების გადაბეჭდვის წესი