გიორგი (გოგა) ონიანმა ბრალი სრულად აღიარა, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ გიორგი ონიანის ადვოკატმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა.
დღეს, 13 აპრილს თბილისის საპელაციო სასამართლოში ონიანისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე იმსჯელეს. დაცვის და ბრალდების მხარე შეთანხმდა საპროცესო პირობებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც გიორგი ონიანი სრულად აღიარებს წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდს.
ადვოკატის თქმით, ურთიერთშეთანხმების თანახმად, მის მიმართ მოხდა შეღავათის გამოყენება, თუმცა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ვერ მოხერხდა ბრალდების მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენა:
“ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ დაცვის მხარემ ერთ-ერთ ეპიზოდთან დაკავშირებითერთ-ერთი მუხლის სასჯელის პროპორციულობასთან დაკავშირებით დასვა შეკითხვა – რამდენად სწორად იყო ის ჩამოყალიბებული. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი დანატებით შესასწავლია. ამასთან, დღევანდელ სხდომაზე, გიორგი ონიანმა უდაოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება. მოსამართლის წინაშე აღიარა წარდგენილი ბრალდება და დაეთანხმა იმ ფაქტობრივ მოცემულობას, რაც წარმოსგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენში,” – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
ადვოკატის თქმით, გიორგი ონიანმა დაადასტურა, რომ 2011 წლის ოქტომბერში პოლიტიკური ნიშნით დევნიდა დავით შათირიშვილისა და ლევან მდინარაძეს. მისი ინფორმაციით, საბოლოო პროცესი სააპელაციო სასამართლოში სამშაბათს გაიმართება.
- გიორგი ონიანმა პროცესის დაწყებისას სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. მსჯავრდებულმა განმარტა, რომ ისეთი ინფორმაციების გაჟღერებას აპირებს, რაც პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს. მანამდე, სასამართლოში ჟურნალისტების გამოჩენამ, გიორგი ონიანის ოჯახის წევრების გაღიზიანება გამოიწვია, რომლებსაც პროცესის მედიით გაშუქება არ სურდათ. ისინი ჯერ პროკურორებს აბრალებდნენ საპროცესო გარიგებაზე და სასამართლო პროცესის თარიღზე ინფორმაციის გავრცელებას, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ეკამათნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2017 წლის 7 ნოემბერს, გიორგი ონიანი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, პოლიტიკური დევნისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, და 25-147-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, გიორგი ონიანს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
რას ედავებოდა ონიანს პროკურატურა
პროკურატურის ცნობით, კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლის, ასევე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა დაშინების მიზნით, 2011 წლის 15 და 17 ოქტომბერს, ონიანის ორგანიზებით, იმ დროისთვის პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისურების დამზადების მიზეზით შპს „დაო-პრინტის“ მენეჯერი დავით შათირიშვილი და აღნიშნული მაისურების საზოგადოებაში გამავრცელებელი ლ.მ. თბილისის შს სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონოდ დააკავეს.
ბრალდების ინფორმაციით, ონიანმა თავის დაქვემდებარებაში მყოფ პოლიციის თანამშრომელს დაავალა პატაკის შედგენა, თითქოსდა შათირიშვილი უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. პროკურატურის ცნობით, 2011 წლის 15 ოქტომბერს, ონიანის ორგანიზებითა და მისი უშუალო ხელმძღვანელობით, დაკავებულ იქნა დავით შათირიშვილი.
“პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებულს პირადი ჩხრეკა მხოლოდ დაკავების შემდგომ ჩაუტარეს, რა დროსაც მას რაიმე ნარკოტიკული საშუალება არ აღმოაჩნდა, თუმცა დავით შათირიშვილის მიმართ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდების წარსადგენად მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით, გ.ო-მსაქმის გამომძიებელს წარუდგინა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და დაავალა, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში აესახა ამ ნარკოტიკული საშუალების დავით შათირიშვილის პირადი ჩხრეკისას ამოღების ფაქტი. მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის შედეგად, დავით შათირიშვილს წარედგინა ბრალდება ნარკოტიკულისაშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის,” – ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.
ბრალდების ინფორმაციით, ოანიანმა 2011 წლის 17 ოქტომბერს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, კიდევ ერთი პირის დევნა განახორციელა და ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ დააკავეს კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ლ.მ, რომელიც შპს „დაო-პრინტის“ მიერ დამზადებული პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისურების საზოგადოებაში გავრცელებას ახდენდა.
პროკურატურის განცხადებით, გიორგი ონიანმა ანალოგიური გზით სისხლის სამართლის საქმის ხელოვნურად შექმნისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით, საქმის გამომძიებელს წარუდგინა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და დაავალა, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში აესახა ამ ნარკოტიკული საშუალების ლევან მდინარაძისგან ამოღების ფაქტი, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია. როგორც პროკურატურა აცხადებს, აღნიშნულის შემდგომ ლევან მდინარაძის მიმართ უკანონოდ განხორციელდა სისხლის სამართლებრივი დევნა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.