ახალი ამბები

ყალბი პირადობების საქმეზე პროკურატურა ეკა გიგაურის მოადგილეს გამოკითხავს

23 ნოემბერი, 2018 • 1838
ყალბი პირადობების საქმეზე პროკურატურა ეკა გიგაურის მოადგილეს გამოკითხავს

ყალბი პირადობის მოწმობების გასაღებისა ან გამოყენების შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს 23 ნოემბერს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს, გიორგი ონიანს გამოკითხავენ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიების დაწყების შემდეგ გამოიკითხნენ “საერთაშრისო გამჭვრივალობა-საქართველოს”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორები ეკა გიგაური, ირმა პავლიაშვილი და მიხეილ ბენიძე. საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრესკონფერენციაზე დაასახელეს.

“საიას”, “სამართლიანი არჩევნებისა” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” განცხადებით, სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა გასულ კვირას მათ მიაწოდა ინფორმაცია სააგენტოს მიერ, სავარაუდოდ, ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ.

არასამთავრობოების წყაროს ინფორმაციით, ყალბი პირადობის მოწმობები სააგენტოს სჭირდება არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გაყალბებისთვის.

სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსი სოსო გიორგაძე ამბობს, რომ “გაუგონარი ცილისწამებაა” არასამთავრობოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ყალბი პირადობების სავარაუდო ბეჭდვის შესახებ.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება დაიწყო.

ამავე თემაზე:

წულუკიანმა, ფაქტობრივად, ინსტრუქციები მისცა გამოძიებას – გიგაური

მასალების გადაბეჭდვის წესი