ახალი ამბები

დღეიდან სამართალდამცველების მიერ ჩადენილ დანაშაულებს სახელმწიფო ინსპექტორი გამოიძიებს

1 ნოემბერი, 2019 • 782
დღეიდან სამართალდამცველების მიერ ჩადენილ დანაშაულებს სახელმწიფო ინსპექტორი გამოიძიებს

დღეიდან, ანუ 2019 წლის პირველი ნოემბრიდან, სამართალდამცველებისა და მოხელეების მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოიძიებს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად სამსახური ავრცელებს.

უწყების თქმით, საქართველოს პარლამენტმა 2018 წელს მიიღო „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი. სწორედ ეს კანონი ანიჭებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აღნიშნული ტიპის დანაშაულებების გამოძიების უფლებამოსილებას.

როგორც სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ თქვა, უწყება ამ ფუნქციისთვის მზადაა. მათ შორის, მას ჰყავს სხვადასვა გამოცდილების მქონე კადრები და აღჭურვილია შესაბამისი საჭირო ტექნიკით.

საქმიანობის პირველ ეტაპზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ოფისები თბილისსა და ქუთაისში ამოქმედდება. საგამოძიებო სამსახურის აღმოსავლეთ და დასავლეთ სამმართველოებში თავდაპირველად 16 გამომძიებელი იქნება დასაქმებული.

სამსახურში იფუნქციონირებს ცხელი ხაზი – 199, რომელიც 24 საათის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სახით 2019 წლის 10 მაისიდან ჩამოყალიბდა. აპარატის გარდაქმნა სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილებით აღჭურვამ განაპირობა. სამსახური პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების მონიტორინგის ფუნქციებს 2013 წლიდან ახორციელებს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა გავრცელდება შემდეგ დანაშაულებზე:

✓ წამება;

✓ წამების მუქარა;

✓ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა;

✓ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ჩადენილი ძალადობით, იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით;

✓ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით;

✓ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და გადამეტება ჩადენილი ძალადობით, იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით;

✓ მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით პირის იძულება მისცეს განმარტება, ჩვენება ან დასკვნა;

✓ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის იძულება ჩვენების შეცვლის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიზნით, აგრეთვე, მსჯავრდებულის იძულება მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის მიზნით;

✓ სხვა დანაშაული, რომელმაც გამოიწვია პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში ან პენიტენციურ დაწესებულებაში ან/და ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ.

მასალების გადაბეჭდვის წესი