ახალი ამბები | ,

ეპარქიაში ვრჩები, დაველოდები მეუფე გრიგოლის ჩამოსვლას – პეტრე მარტვილში ჩავიდა

1 ნოემბერი, 2019 | | 1313
ეპარქიაში ვრჩები, დაველოდები მეუფე გრიგოლის ჩამოსვლას – პეტრე მარტვილში ჩავიდა

პეტრე ცაავა, რომელსაც პატრიარქმა ილია II-მ 31 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე ეპარქია ჩამოართვა, იმავე, გვიან საღამოს მარტვილში, თავის ყოფილ ეპარქიაში ჩავიდა. მას მარტვილის ტაძარში დახვდნენ მხარდამჭერი სასულიერო პირები და მრევლი.

ეპარქიის ზოგიერთი წევრის თქმით, ისინი არ აპირებენ, რომ პეტრე ცაავას შემცვლელი ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია მიიღონ. ჟურნალისტების კითხვაზე, რას აპირებს პირადად, თქვა: „ჩამოვიდეს, სტუმარი ღვთისაა, მით უმეტეს, მას დაევალა ეს… წესით, მე შეჩერებული მაქვს მსახურება, მას აქვს უფლება და დანარჩენს ვნახავთ“.

კითხვაზე, ამჟამად რა გეგმა აქვს, თქვა: „ახლა ეპარქიაში ვრჩები, დაველოდები მეუფის ჩამოსვლას და არ ვიცი, გადავწყვეტთ. გაიგებთ თქვენც“. კითხვაზე, აპირებენ თუ არა ეპარქიის წევრები, დაემორჩილონ გრიგოლ კაციას, უპასუხა: „აუცილებლად მოვძებნით სწორ გამოსავალს“.

ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე, — არის მოსაზრება, რომ მეუფე პეტრე ჩაუდგება სახალხო მოძრაობას სათავეში და ხომ არ გეგმავს ამას, პეტრე ცაავამ უპასუხა: „საერთოდ, ეროვნული სახელმწიფოებრივი განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოში ვფიქრობ, რომ აუცილებლად იშობა და აუცილებლად მოემზადება აპოკალიფსური საქართველოსთვის“. კითხვაზე, იქნება თუ არა თავად ამ მოძრაობის სათავეში, როგორც წინამძღოლი, განაცხადა:

„უფალი იესო ქრისტე იქნება ყველა ჩვენი განმათავისუფლებელი მოძრაობის წინამძღვარი და ჩვენ ვიქნებით ქრისტეს მხედრები ყველგან და ყველაფერში“.

მან ასევე თქვა, რომ სინოდის სხდომის ოქმში პატრიარქის სიტყვები შეწყალებაზე არაგულწრფელია. „სინოდის შესახებ შემატყობინეს დღენახევრით ადრე. ჩემთვის ხომ უნდა შეეტყობინებინათ, რომ ჩემი საკითხი იქნებოდა განხილვის საგანი?.. ეს იყო უსამართლობა… სინოდის ჩანიშვნა იყო არასწორად დაგეგმილი… განჩინების ჩათვლით ეს არის უსამართლობა“.

ყოფილ ქორეპისკოპოსზე, ბოდბელ ეპისკოპოს იაკობზე თქვა: „მე ძალიან მებრალება, მძიმე ჯვარი შეხვდა მასაც“. მისი თქმითვე, როდესაც მას უთხრა, რომ ჰქონდა მტკიცებულებები [ილია მეორეზე ნათქვამის დასამტკიცებულად], და თუკი ეს ყველაფერი მართალი აღმოჩნდებოდა, რას ეტყოდა მას, იაკობმა რუსულად უპასუხა: „მამა უნდა დაფარო“.

ასევე განაცხადა: „არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი თემით გადაფარეს ეს სკანდალური საკითხი [მისი ბრალდებები ხელისუფლების მიმართ]. გაითამაშეს სცენა, აღსარების ჩაბარება პატრიარქისთვის, ღიმილის მომგვრელია და აბსოლუტურად არაგულწრფელი, უსუსური და სამარცხვინო“.

„ღმერთს ვთხოვ, რომ ამ განსაცდელით ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც იქნება სათნო ღვთისა, როგორც შეშვენის მწყემს კეთილს, მღვდელმთავარს, რომელმაც თავისი ცხვრებისთვის უნდა დასდოს სული და რომელიც ამტკიცებს, რომ … გამორჩეული ღვთისაგან“, — თქვა მან.

ჟურნალისტებს მან ასევე განუცხადა: „მთავარია, რომ ჩვენ სულიერ გზას, ქრისტეს, გოლგოთის გზას არ ავცდეთ. და ის, რომ უსამართლობას და უწმინდურობას არ უნდა შევეგუოთ, უწმინდურობა სიწმინდედ არ გამოვაცხადოთ და უსამართლობა სამართლად, ფარისევლები არ უნდა ვიყოთ, შერჩევითი სამართალი არ გვქონდეს როგორც სახელმწიფოში, ისევე ეკლესიაში. პირველ რიგში, ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“.

მისი თქმით, საჭიროა სინოდის გაფართოებული კრების მოწვევა. „აუცილებლად დავაყენებ ამ საკითხს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი