ახალი ამბები

ასეთი განცხადებები ზურგის და მისი ინტერესების გარეშე არ კეთდება – მარგველაშვილი პეტრეზე

31 ოქტომბერი, 2019 • 2167
ასეთი განცხადებები ზურგის და მისი ინტერესების გარეშე არ კეთდება – მარგველაშვილი პეტრეზე

სინოდის 31 ოქტომბრის სხდომის შემდეგ, საღამოს, გიორგი მარგველაშვილი პატრიარქ ილია II-ს შეხვდა საპატრიარქოში, რის შემდეგაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადებები „ზურგის“ გარეშე არ კეთდება.

„მე დავინახე ის თვალები, რომელიც ბოლო 40 წელია მე მახსოვს ნათელი ადამიანისა, რომელიც ვერ გატეხა ვერც „კაგებემ“ და ვერც სხვა სპეცსამსახურებმა“, — უთხრა მან ჟურნალისტებს პატრიარქთან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ. პეტრე ცაავასთან დაკავშირებით კითხვაზე კი განაცხადა:

„მე, ბუნებრივია, არ ვაპირებ მეუფეების განცხადებების, შენიშვნების, კომენტარების ანალიზს, ერთადერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც ასეთი ტიპის განცხადებები კეთდება, ეს განცხადებები არცერთ შემთხვევაში არ კეთდება ელემენტარული გულწრფელი გაბრაზებით ან აღშფოთებით. არ ხდება ხოლმე ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთება ზურგისა და ამ ზურგის ინტერესების გარეშე. დანარჩენი, ახლა, ანალიზს [არ დავიწყებ]“.

კითხვაზე, ვის გულისხმობდა ამ „ზურგში“, მან უპასუხა: „ვერ გეტყვით, არ ვარ ამის თაობაზე ინფორმირებული“.

სინოდის 31 ოქტომბრის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ სტატუსშეჩერებულმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის ჰომოსექსუალობასა და პედოფილიაზე ისაუბრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი