ახალი ამბები

რესპუბლიკელები მთავრობას მოუწოდებენ, აშშ-სთან სამხედრო ბაზის განთავსებაზე მოლაპარაკება დაიწყონ

26 ოქტომბერი, 2019 • 1108
რესპუბლიკელები მთავრობას მოუწოდებენ, აშშ-სთან სამხედრო ბაზის განთავსებაზე მოლაპარაკება დაიწყონ

საქართველოს რესპუბლიკური პარტია მოუწოდებს მთავრობას აქტიურად და ინტენსიურად წამოიწყოს აშშ-თან უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებები, რომლებიც ორიენტირებული იქნება ფართომასშტაბიანი და გრძელვადიანი სამხედრო ბაზის გახსნისკენ საქართველოს ტერიტორიაზე.

“რესპუბლიკურმა პარტიამ” 25 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზგასმულია ნატოს წევრ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

გარდა ამისა,საქართველოს რესპუბლიკური პარტია მიესალმება ნატოს ეგიდით შავ ზღვაში მიმდინარე სამხედრო წვრთნებს საქართველოსთან ერთად აშშ-ს, იტალიის და თურქეთის მონაწილეობით, რომლებიც მიმართულია როგორც რეგიონის უსაფრთხოებაში ნატოს პასუხისმგებლობის გაზრდისკენ, ისე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისკენ და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში სახელმწიფოებრიობის მხარდაჭერისკენ.

“ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე კიდევ უფრო იზრდება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, და შესაბამისად შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე უშუალოდ საქართველოს როლი რეგიონალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში.

ნატოში გაწევრიანების გზაზე, რაც საქართველოს სტრატეგიული და სუვერენული არჩევანია ჩრდილო-ატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის, აგრეთვე საკუთარი დემოკრატიული განვითარებისა და სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობის პროცესში, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, სადაც პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ბაზების განლაგება შესაძლებელიცაა და აუცილებელიც.

საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას მიაჩნია, რომ მის ტერიტორიაზე ნატოს წევრ ქვეყნებთან და განსაკუთრებით აშშ-სთან სამხედრო-სტრატეგიული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას რეგიონში მდგრადობის და მშვიდობის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე რუსეთის ფედერაციიდან მომავალი საფრთხეების, უარყოფითი გავლენების და დესტრუქციული ქმედებების გასანეიტრალებლად”, – აცხადებს რესპუბლიკური პარტია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი