ახალი ამბები

თუ შემოთავაზება იქნება ვაშინგტონიდან, ცხადია, უნდა დავთანხმდეთ – აგლაძე კოფის იდეაზე

25 ოქტომბერი, 2019 • 1818
თუ შემოთავაზება იქნება ვაშინგტონიდან, ცხადია, უნდა დავთანხმდეთ – აგლაძე კოფის იდეაზე

GIPA-ს დოქტორი და “საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელი, საქართველოს ყოფილი უფროსი სამხედრო წარმომადგენელი ერაყში ზურაბ აგლაძე მიიჩნევს, რომ ლუკ კოფის იდეა ოფიციალური თბილისის მხრიდან ჯერჯერობით განსახილველი არ არის, მაგრამ თუ ასეთი შემოთავაზება ოფიციალურად დადგება, საქართველო უნდა დაეთანხმოს.

“ეს არის ერთი პიროვნების განცხადება და არა ამერიკის ადმინისტრაციის პოზიცია. თუმცამ თუ ასეთი შემოთავაზება იქნება [ვაშინგტონიდან], რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავთანხმდეთ ასეთ შემოთავაზებას”, – უთხრა “ნეტგაზეთს” აგლაძემ.

აგლაძის თქმით, შესაძლებელია და ცუდი არ იქნება, საქართველომ თავად შესთავაზოს შეერთებულ შტატებს საქართველოში სამხედროების განლაგება, თუმცა არა ოფიციალური განცხადებებით და ტელევიზიით, არამედ დიპლომატიური არხებით.

“თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ამერიკული მხარე მიიღებს და ძნელი სათქმელია, თუ რა პოზიცია ექნებათ მათ”, – დასძინა აგლაძემ.

ზურაბ აგლაძე იმ სარგებელზე საუბრობს, რასაც საქართველო ამერიკული კონტინგენტის საკუთარ ტერიტორიაზე განთავსებით მიიღებდა.

“ამერიკული სამხედრო ბაზა არ არის მარტო ამერიკელი სამხედროები. ამერიკელების სამხედრო ბაზა ნიშნავს გაცილებით გაზრდილ უსაფრთხოებას საქართველოში, სამუშაო ადგილებს, ახალ ტექნოლოგიებს, ეკონომიკურ აქტივობებს: გადაზიდვები, მომსახურება და ა.შ. ეს კომპლექსური საკითხია, რაც ახალქალაქის რაიონს და მთლიანად საქართველოს წაადგება ეკონომიკურადაც და უსაფრთხოების მხრივაც. რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ ამერიკელი სამხედროები საქართველოს ტერიტორიაზე განთავსდებიან”, – განაცხადა აგლაძემ.

რაც შეეხება შესაძლო ნეგატიურ მხარეებს, მათ შორის, ტერორიზმის სამიზნედ ქცევის საფრთხეს, აგლაძე მიიჩნევს, რომ თუ უსაფრთხოების სამსახურები საერთაშორისო პარტნიოროებთან აქტიურად იმუშავებენ, რისკები მინუმუმამდე იქნება დაყვანილი.

“საქართველოში დიდი ხანია საუბრობენ, რომ შეიძლება ქვეყანა ტერორისტული სამიზნე გახდეს, თუმცა “მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია”. ასეთი პრობლემები არაერთჯერადია. ყველაფერი არის ერთმანეთთან შეფარდებითი – რა სარგებელს იღებ და რისკები რამდენად იზრდება. ამ შემთხვევაშო ნამდვილად ღირს რისკის გაწევა”, – განაცხადა აგლაძემ.


„ჰერიტიჯის ფონდის“ ანალიტიკოსის ლუკ კოფის შემოთავაზებაა, აშშ-ის ჯარისკაცები, რომლებიც სირიას ტოვებენ, საქართველოში გაიგზავნონ. კოფის აზრით, აშშ-ს შეუძლია, გამოიყენოს ძველი რუსული ბაზა ახალქალაქში, რომელიც მხოლოდ 740 კმ-ით არის დაშორებული რაყას.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ამერიკელი სამხედროების საქართველოში განლაგების საკითხი ორ ქვეყანას შორის ოფიციალურ დონეზე განხილვის საგანი არ ყოფილა და ამერიკელი ექსპერტის მოსაზრებას ექსპერტებმავე უნდა უპასუხონ.

აშშ-ის ჯარი, რომელიც სირიას ტოვებს, ახალქალაქში გაიგზავნოს – ლუკ კოფის ინიციატივა

მასალების გადაბეჭდვის წესი