ახალი ამბები

“მელიას გათავისუფლებით უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი” – უცხოელი დიპლომატების, მკვლევრების წერილი

9 მარტი, 2021 • 959
“მელიას გათავისუფლებით უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი” – უცხოელი დიპლომატების, მკვლევრების წერილი

ევროპელი და ამერიკელი ყოფილი სახელმწიფო მოხელეები, ყოფილ ელჩები, მკვლევრები და ანალიტიკოსები ერთობლივ წერილს ავრცელებენ, სადაც საქართველოს მთავრობას “პირველი ნაბიჯის გადადგმისკენ” მოუწოდებენ, რაშიც ნიკა მელიას ციხიდან გათავისუფლებას გულისხმობენ.

ნეტგაზეთი გავრცელებული წერილის ქართულ თარგმანის ტექსტს სრულად გთავაზობთ.

“ჩვენ, დოკუმენტზე ხელის მომწერნი, თავს ვთვლით საქართველოს მეგობრებად, რომლებიც დიდი ხანია აღფრთოვანებული ვართ ქართველი ხალხის გამძლეობით საქართველოს ისტორიის დროს შექმნილი ძნელბედობის ჟამს; მათ მიერ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მტკიცე სურვილითა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებსა და დადებითად გადადგმულ ნაბიჯებს ევრო-ატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის კუთხით. ასევე, ჩვენს ორგანიზაციებსა და თუ მთავრობებში მტკიცედ ვუჭერთ მხარს  პრაქტიკულ და პოლიტიკურ ძალისხმევას ამ პროცესის დასრულებისთვის. თუმცა ასევე არ ვიკავებთ თავს კონსტრუქციული კრიტიკისგან, როდესაც ეს საჭიროა.

ჩვენ ვართ ღრმად შეშფოთებულნი საქართველოში მიმდინარე უახლესი პოლიტიკური პროცესებით, მათ შორის, ქართული სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომ მოეხდინათ მთავარი ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისის შტურმი და დაეკავებინათ მისი ლიდერი. მისი ციხიდან არგამოშვება შეუძლებელს გახდის ბოლო არჩევნების შემდეგ შექმნილი ჩიხიდან გამოსვლას, რაც გამოიხატება ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტირებაში. ერთპარტიული პარლამენტი არ არის ჯანსაღი დემოკრატიის ნიშანი. მიმდინარე მოვლენები არა მხოლოდ აფერხებს პროგრესს უსაფრთხოების, ეკონომიკისა და გლობალური პანდემიის საკითხების გადაწყვეტაში, არამედ, აგრეთვე, აზიანებს საქართველოს, როგორც სტაბილური რეგიონალური პარტნიორისა და ევრო-ატლანტიკური ღირებულებებისადმი ერთგული ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსა და რეპუტაციას. შექმნილი ვითარებით მხოლოდ მოსკოვში არიან კმაყოფილნი.

ჩვენ ვართ ისეთი ქვეყნებიდან, რომელთა დემოკრატიებიც ასევე გამოწვევების წინაშეა, რაც გამოწვეულია შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობითა და პოლარიზაციით, როდესაც ჩვენი ინსტიტუციები გადიან შემოწმებას, ჩვენი ქმედებები ნაკლებად შეესაბამება ჩვენს იდეებს. მაგრამ ჩვენმა ინსტიტუციებმა შეძლეს გაემართათ და ჰქონოდათ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და მედიის თავისუფლება. ჩვენ ყველას გვესმის, რომ დემოკრატიის მშენებლობა საქართველოში განგრძობადი პროცესია, მაგრამ ეს პროცესი არ შეიძლება შეიცავდეს პოლიტიკური ოპონენტების დაკავების ფაქტებს. არჩეულმა მმართველებმა უნდა შეასრულონ საკუთარი ამომრჩევლის სურვილები და საკუთარი დრო და ყურადღება უნდა დაუთმონ იმ პოლიტიკას, რომელსაც ისინი მხარს უჭერდნენ წინასაარჩევნო პერიოდში.

არჩეულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს აქვთ უფლება, სამართლიანად და ღიად განაცხადონ საკუთარი პრეტენზიები საარჩევნო დარღვევების შესახებ. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მათ, რომ გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რომელიც მონიჭებულია ევროკავშირისა და სხვა პოტენციური მედიატორების მხრიდან, რათა შედგეს მოლაპარაკება საქართველოს მთავრობასთან პრობლემიდან გამოსავლის საპოვნელად, რაც შესაძლებლობას მისცემთ მათ, ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში და გააძლიერონ ქართული დემოკრატია. ყველა მხარემ უნდა დაუჭიროს მხარი მშვიდობიანი გზებითა და ლეგალური არხებით უთანხმოებების გადაჭრის შესაძლებლობას. მათი საერთო მიზანი უნდა იყოს, წარმოადგენდნენ მრავალპარტიულ პარლამენტს, რომელიც პასუხობს ყველა ამომრჩევლის სურვილს და, შესაბამისად, აქვს სრული ნდობა ქართველი ხალხის მხრიდან, რათა წინ წავიდეს ქვეყანა.

საქართველომ გაუძლო დემოკრატიის წინა ტესტებს. წარსულში არსებულ კრიტიკულ მომენტებში ლიდერებმა უკან დაიხიეს და არ გადადგეს უკიდურესი ნაბიჯები, რითაც ხელი არ შეუშალეს დემოკრატიული ტრანზიციის პროცესს. საქართველო ამჟამად არის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტში, რასაც ზოგიერთი აღწერს, როგორც “სასიცოცხლო”. მთავრობამ, როგორც ამჟამინდელმა მმართველმა ძალამ, ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებით, უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი. ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის შუამავლობის ძალისხმევას, რათა მიიღწეს კომპრომისი, რასაც ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს. უახლესი მოვლენები სიტუაციას კიდევ უფრო აქტუალურს ხდის. პოზიტიური ნაბიჯების გადაუდგმელობა გამოიწვევს მიმდინარე კრიზისზე პასუხისმგებელი პირებისთვის შედეგებზე მითითებას. აუცილებელია [შეთანხმების] დროული დასრულება [Time is of the essence].

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საერთაშორისო აქტივი გახლავთ მისდამი კეთილგანწყობა. ეს კეთილგანწყობა მოპოვებულია მძიმე შრომით და სამართლიანადაა დამსახურებული, მაგრამ გლობალური პრიორიტეტების, ეკონომიკური კრიზისისა და გლობალური პანდემიის დამანგრეველი შედეგების პირობებში, ეს კეთილგანწყობა არ არის უსასრულო და თუ ის დაიკარგა, მისი თავიდან მოპოვება ძნელი იქნება. ჩვენ მოვუწოდებთ ორივეს, საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციის ლიდერებს, რომ არ გააქარწყლონ ეს კეთილი ნება და გამოავლინონ საკუთარი ვალდებულებები დემოკრატიის, დიალოგისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის კუთხით. როგორც საქართველოს მეგობრები, ჩვენ გვსურს შემოგთავაზოთ მხარდაჭერა და დახმარება გამოსავლის პოვნის პროცესში, თუმცა ერთადერთი ხანგრძლივი გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის ძალისხმევით, რათა გადაარჩინონ ქართული დემოკრატია და მისი ინსტიტუციები”.

საერთო წერილზე ხელს აწერენ:

  • იან ბონდი – ცენტრი ევროპული რეფორმებისთვის
  • მეთიუ ბრაიზა – აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო ასისტენტ-მდივნის მოადგილე ევროპულ და ევრაზიულ საქმეებში
  • კერი კავანო – კენტუკის უნივერსიტეტი
  • ლუკ კოფი – Heritage Foundation
  • სვანტე კორნელი – ცენრალური აზიისა და კავკასიის ინტიტუტი, ამერიკული საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტი
  • უილიამ კორტნი – აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში
  • ლარი დაიმონდი – სტენფორდის უნივერსიტეტი
  • პერ ეკლუნდი – ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში
  • ფრანსის ფუკუიამა – სტენფორდის უნივერსიტეტი
  • ალექსანდრა ჰოლ ჰოლი – დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში
  • ბენ ჰოჯესი – აშშ-ის ყოფილი გენერალი
  • გლენ ჰოვარდი – Jamestown Foundation
  • თომას ჰენდრიკ ილვესი – ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი
  • ჯონათან კაცზი – მარშალის ფონდი
  • იან კელი – ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში
  • დევიდ კრამერი – ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
  • მაიკლ მაკფოლი – სტენფორდის უნივერსიტეტი, აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში
  • თომას მელია – PEN America, ყოფილი დიპლომატი
  • რიჩარდ მაილსი – აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში
  • ლაურა თორნტონი – NDI-ს ყოფილი დირექტორი საქართველოში
  • რენდი შოუნემანი – ჰალიფაქსის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმი
  • კურტ ვოლკერი – აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში
  • კენეთ იალოვიცი – აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი