ახალი ამბები

აბორტის აკრძალვა შესაბამის ეფექტს არ გამოიწვევს – ნუგზარ სხირტლაძე

24 ოქტომბერი, 2019 • 1602
აბორტის აკრძალვა შესაბამის ეფექტს არ გამოიწვევს – ნუგზარ სხირტლაძე

უზენაესი სასამართლოში უვადო მოსამართლედ განწესების კანდიდატი ნუგზარ სხირტლაძე აბორტის აკრძალვას – არა, თუმცა ვადების შემცირებას მიზანშეწონილად მიიჩნევს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა აკაკი ზოიძემ მოსამართლეს ჰკითხა, მომხრეა თუ არა, რომ სამედიცინო მიზნების გარდა ხელოვნური აბორტი აიკრძალოს.

“შესაბამის ეფექტს არ გამოიწვევს [აკრძალვა]. ირლანდიაში ასეთი რეგულაციები იყო შემოღებული და გამოიწვია მხოლოდ ის, რომ ქალები მიდიოდნენ სხვა ქვეყნებში და იქ იტარებდნენ აბორტს”, – განაცხადა სხრიტლაძემ.

მისი თქმით, ევროპული სასამართლოს განმარტებების მიხედვით, სიცოცხლის უფლება არ ვრცელდება ჩანასახზე.

ზოიძემ ასევე ჰკითხა, რა აზრისაა “პირველი გულისცემის” კანონმდებლობაზე, რას ითვალისწინებს დაშვებული აბორტის ვადის 12 კვირიდან პირველ გულისცემამდე (დაახლოებით 3-4 კვირამდე) შემცირებას.

“ამაზე გამუდმებით მიმდინარეობს დისკუსია. ჩვენთანაც ეს საკითხი დისკუსიურია იმიტომ, რომ ზოგიერთი სამართლის დარგი იმთავითვე აღიარებს ჩანასახის უფლებას, მაგალითად, სამემკვიდრეო სამართალში მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში ემბრიონს უკვე აქვს მემკვიდრეობის უფლება. თუმცა როდიდან იწყება სიცოცხლე, არის ძალიან სადავო საკითხი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, ხოლო ევროპული სასამართლო ამბობს, რომ მეორე მუხლი (სიცოცხლის უფლება) არ ეხება დაუბადებელ ბავშვს. თუმცა თქვენ რაც ბრძანეთ, დაშვების ზღვარი, სადისკუსიო თემაა და შესაძლებელია უფრო შემცირდეს. მიზანშეწონილი იქნებოდა”, – განაცხადა სხირტლაძემ.


ნუგზარ სხირტლაძე 1999 წლიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა. მანამდე 1986-1996 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, სხვადასხვა პოზიციაზე. 1996-1998 წლებში მას სახელმწიფო კანცელარიაში ეკავა საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის სახელმწიფო მრჩევლის თანამდებობა. 1998-1999 წლებში ნუგზარ სხირტლაძე იყო ჯერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შემდეგ კი თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.

ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მიერ მომზადებული ნუგზარ სხირტლაძის პორტფოლიოს შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი