წილების შემდეგ სასამართლომ რ2-ის ქონებაც დააყადაღა – რას გეგმავს ტელეარხი

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ნეტგაზეთთან ადასტურებს, რომ ტელეარხის ქონება თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის ოქტომბერში დააყადაღა. ამის მიზეზი გახდა ევროპის მაუწყებელთა კავშირის წინაშე არსებული 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დავალიანება.

სალიას განმარტებით, აღნიშნული თანხა ტელეკომპანიას წლების განმავლობაში უგროვდებოდა.

ინფორმაცია რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღების შესახებ პირველად “მთავარმა არხმა“ დღეს გაავრცელა. ყადაღის შესახებ ინფორმაცია უკვე ასახულია საჯარო რეესტრში.

“ვალი არის წლების წინ დაგროვილი, ბატონი გვრამია, თუ არ ვცდები, ბოლო 2 წლის განმავლობაში არ იხდიდა არცერთ დოლარს. შესაბამისად, როგორც ახლა ირკვევა, არაერთხელ იყო გაფრთხილებული და ამ გაფრთხილებების შემდგომ ევროპის მაუწყებელთა კავშირმა მიმართა სასამართლოს.

ახლახან ჩაგვბარდა ეს სარჩელი, სულ რამდენიმე დღეა, შესაბამისად, მოვახდინეთ სამართლებრივი რეაგირება, რაც საჭირო იყო ამ ეტაპზე და ვთვლით, რომ არსებობს მორიგების შესაძლებლობა მოსარჩელესთან და აქედან გამომდინარე, დავიწყებთ მოლაპარაკებების პროცუდრებს“, – ამბობს სალია ნეტგაზეთთან.

მისივე თქმით, ყადაღები კომპანიას მაუწყებლობაში ხელს არ შეუშლის და ის არ დაიწყებს “ისტერიულ განცხადებებს ყადაღებთან დაკავშირებით“.

“კომპანია გააგრძელებს საქმიანობას და ეს ყადაღები ნამდვილად არ შეგვიშლის ხელს. მინდა გავუწბილო ბევრს მოლოდინი. ევროპის მაუწყებელთა კავშირთანაც ვიპოვით საერთო ენას და მოვახერხებთ ძველი დავალიანების რესტროქტურიზებას და კომპანიასაც თავისუფლად ექნება შეასძლებლობა გააგრძელოს მუშაობა“, – ამბობს სალია ნეტგაზეთთან.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიმართ ვალზე საუბრობს რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორი, ნიკა გვარამიაც. ფეისბუკზე გავრცელებულ განცხადებაში ის ამბობს, რომ ვალი მას ტელეკომპანიაში მისვლისას დახვდა.

“ჟენევაში წასვლა დამჭირდა ვალის განწილვადებისთვის. ნელ-ნელა ვიხდიდით, თუმცა ქიბარის ყადაღის და ფინანსური პრობლემების გამწვავების შემდეგ, მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი დაგვჭირდა გადავადებისთვის“,- წერს გვარამია და ამატებს, რომ “დღევანდელმა მენეჯმენტმა, ეტყობა, იმეილის მიღებაც არ იცის და პასუხიც არ გასცა ევროპის მთავარ სატელევიზიო ორგანიზაციას“.

გარდა ევროპის მაუწყებელთა კავშირთან დავისა, რუსთავი 2-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართეს არხის დამფუძნებლებმა – დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემაც. მათი ადვოკატის, კახა კოჟორიძის თქმით, სასამართლომ ეს სარჩელი წარმოებაში მიიღო და ტელეკომპანიის  60%-იანი წილი დააყადაღა.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

სასამართლომ რ2-ის წილის 60% დააყადაღა – კახა კოჟორიძე

ყადაღა არხის მაუწყებლობას ხელს ვერ შეუშლის – სალია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან