ახალი ამბები

სასამართლომ რ2-ის წილის 60% დააყადაღა – კახა კოჟორიძე

21 ოქტომბერი, 2019 • 1987
სასამართლომ რ2-ის წილის 60% დააყადაღა – კახა კოჟორიძე

თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სამოქალაქო სარჩელი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო და 60%-იანი წილი დააყადაღა. ამის შესახებ დვალი/აქიმიძის ადვოკატი კახა კოჟორიძე იუწყება.

ამჟამად რ2-ის წილის 100%-ს ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია “პანორამა” ფლობენ..

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის დამფუძნებლებმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ტელეკომპანიის 60 %-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს სამოქალაქო სარჩელით. როგორც მათი ადვოკატი, კახა კოჟორიძე აცხადებს, სარჩელში ხალვაშის წინააღმდეგ მისსავე არგუმენტებს იყენებენ.

კერძოდ, იურისტის განმარტებით, დაეყრდნობიან უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას, რომელმაც ტელეკომპანია ხალვაშს მიაკუთვნა ყარამანიშვილებთან დავაში.

“ჩვენი მთავარი არგუმენტები არის ის არგუმენტები, რომლებიც ქიბარ ხალვაშმა გამოიყენა თვისი სამოქალაქო სარჩელის დროს და რომლებზე დაყრდნობითაც უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება [ხალვაშის სასარგებლოდ]. როგორც იურისტი, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, სამართლებრივ საკითხებზე, რაზეც ამ სარჩელთან დაკავშირებით გაჩნდება კითხვები, პასუხებს ვიპოვით უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გდადაწყვეტილებაში. ეს არის და იქნება ზუსტად ის შემთხვევა, როდესაც ქიბარ ხალვაშის არგუმენტები გამოყენებული იქნება ზუსტად მისსავე წინააღმდეგ”, – ამბობს კოჟორიძე.

გარდა ამისა, როგორც დვალი/აქიმიძის სარჩელის ავტორმა, იურისტმა კახა კოჟორიძემ განაცხადა, მათი ერთ-ერთი შუამდგომლობა 60%-იანი წილის დაყადაღებაა.

“ყადაღის შუამდგომლობა სარჩელში უკვე წერია. ჩვენ ვითხოვთ ამ 60-პროცენტიანი წილს დაყადაღებას. თქვენ იცით, ქიბარ ხალვაშმა თვენახევრის წინ დააანონსა, რომ უნდოდა რუსთავი 2-ის გაყიდვა. შემდეგ გადაიფიქრა და ახლა ისევ რომ მოიფიქროს, არაფერი გასაკვირი ამაში არ იქნება. რომ დავიზღვიოთ თავი, რა თქმა უნდა, ჩვენ მოვითხოვთ ამ წილის დაყადაღებას და დაველოდებით სასამართლოს”, – განუცხადა კოჟორიძემ ნეტგაზეთს.

მასალების გადაბეჭდვის წესი