ახალი ამბები

ყადაღა არხის მაუწყებლობას ხელს ვერ შეუშლის – სალია

21 ოქტომბერი, 2019 •
ყადაღა არხის მაუწყებლობას ხელს ვერ შეუშლის – სალია

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, ტელევიზიაში ქიბარ ხალვაშის 60 %-იანი წილის დაყადაღება არხის მაუწყებლობას ხელს ვერ შეუშლის. სალიას კომენტარს რუსთავი 2 ავრცელებს.

მისი თქმით, დაყადაღებულია წილი და არა ქონება:

“შესაბამისად, ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ვერანაირ საფრთხეს, რომ კომპანიას რაიმე საფრთხე შეექმნას. პირიქით, უახლოეს პერიოდში რუსთავი 2 იწყებს ახალ გადაცემებს და სულ მალე ეთერში იქნება ახალი მეგაშოუ. ქიბარ ხალვაში განაგრძობს ტელევიზიაში ინვესტიციებს”, – აცხადებს პაატა სალია რუსთავი 2-ის ცნობით.

მისი თქმით, როდესაც ხალვაშის მხარეს სასამართლოს განჩინება ჩაბარდება ყადაღის თაობაზე, შესაბამის იურიდიულ ქმედებების შესახებ გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.

“ეს შეიძლება იყოს გასაჩივრება, ან სხვა საპროცესო მოქმედება, რასაც მოგვიანებით დავაკონკრეტებთ. ამ ეტაპზე ჩვენ არ ვიცნობთ განჩინების შინაარსს, ზეპირი გადმოცემით ვიცით მხოლოდ ის, რომ მოხდა წილების დაყადაღება”,- განაცხადა პაატა სალიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სამოქალაქო სარჩელი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო და 60%-იანი წილი დააყადაღა. ამის შესახებ დვალი/აქიმიძის ადვოკატი კახა კოჟორიძე იუწყება.

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის დამფუძნებლებმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ტელეკომპანიის 60 %-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს სამოქალაქო სარჩელით. როგორც მათი ადვოკატი, კახა კოჟორიძე აცხადებს, სარჩელში ხალვაშის წინააღმდეგ მისსავე არგუმენტებს იყენებენ.

კერძოდ, იურისტის განმარტებით, დაეყრდნობიან უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას, რომელმაც ტელეკომპანია ხალვაშს მიაკუთვნა:

“ჩვენი მთავარი არგუმენტები არის ის არგუმენტები, რომლებიც ქიბარ ხალვაშმა გამოიყენა თვისი სამოქალაქო სარჩელის დროს და რომლებზე დაყრდნობითაც უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება [ხალვაშის სასარგებლოდ]. როგორც იურისტი, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, სამართლებრივ საკითხებზე, რაზეც ამ სარჩელთან დაკავშირებით გაჩნდება კითხვები, პასუხებს ვიპოვით უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გდადაწყვეტილებაში. ეს არის და იქნება ზუსტად ის შემთხვევა, როდესაც ქიბარ ხალვაშის არგუმენტები გამოყენებული იქნება ზუსტად მისსავე წინააღმდეგ”, – ამბობს კოჟორიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი