ახალი ამბები

მგონი, მოსამართლეობასაც არ იმსახურებთ – კობერიძე “თბილავიამშენის” საქმის მოსამართლეს

21 ოქტომბერი, 2019 • 2147
მგონი, მოსამართლეობასაც არ იმსახურებთ – კობერიძე “თბილავიამშენის” საქმის მოსამართლეს

დამოუკიდებელმა დეპუტატებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ლევან მიქაბერიძეს კითხვები დაუსვეს “თბილავიამშენის” საქმეთან დაკავშირებით, რომელზეც მიქაბერიძემ განაჩენი საქალაქო სასამართლოს მოსამართლის რანგში გამოიტანა.

თბილისის საავიაციო ქარხნის ყოფილ მფლობელებს, რომლებიც აცხადებენ, რომ 2010 წელს ზეწოლის შედეგად დათმეს წილები, ეკონომიკის სამინისტრო ქონებას უკან აღარ უბრუნებს. წილის დაბრუნების მოთხოვნით,  მათ პროკურატურას და სასამართლოს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მიმართეს. 2017 წელს საქალაქო სასამართლომ საავიაციო ქარხნის აქციონერთა მოთხოვნა ქონების უკან დაბრუნებაზე არ დააკმაყოფილა. ამჟამად საქმეს სააპელაციო სასამართლო იხილავს.

ლევან კობერიძის შეფასებით, “თბილავიამშენის” საქმე, სადაც სახელმწიფოა მხარე, არის დადასტურება იმისა, რომ “დღევანდელი ხელისუფლების მიერ ადეიშვილ-სააკაშვილის სასამართლო სისტემის გადმობარება ხდება”. დეპუტატი დაინტერესდა, რატომ არ გაუჩნდა კითხვები მოსამართლეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდა, რომ ერთ კვირადღეს 21-მა ადამიანმა ერთდროულად გადაწყვიტა, თავისი ქონება სახელმწიფოსთვის ეჩუქებინა და მიქაბერიძეს ჰკითხა, თვითონ თუ უჩუქებია რამე სახელმწიფოსთვის.

“სახელმწიფოსთვის და ქვეყნისთვის საკუთარი თავი და საკუთარი სიცოცხლე მაქვს ნაჩუქარი, რომელსაც აღვასრულებ იმ დროს და იმ პირობებში, როცა ამის აუცილებლობა იქნება, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანად მოგვარდება”, – უპასუხა მიქაბერიძემ.

იმ მიზეზით, რომ “თბილავიამშენის” საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება, მიქაბერიძემ საქმის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა სარჩელის შედგენის მხრივ არსებულ პროცესუალურ დარღვევებზე მიანიშნა.

“აბსტრაქტულად ვიტყვი – იმისთვის, რომ  სარჩელი ფორმალური თვალსაზრისით პერსპექტიული იყოს, ის უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტულ კომპონენტებს. ელემეტარულად ფაქტები უნდა იყოს გადმოცემული და მერე ამ ფაქტებს მოვუძებნოთ მტკიცებულებები მისი დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით. თუ ფაქტები გადმოცემული არ არის, ანუ პროცესუალური თვალსაზრისით სარჩელი არ არის  გამართული, შეუძლებელია რაიმე სახის მტკიცებულებებზე საუბარი და მოსარჩელის სასარგებლოდ დავის გადაწყვეტა”, – განაცხადა  მიქაბერიძემ.

ლევან კობერიძემ ყურადღება გაამახვილა “თბილავიამშენის” საქმის განმხილველი მოსამართლის, ლია ავალიშვილის საქმიდან ჩამოცილებზე და აღნიშნული საქმის ლევან მიქაბერიძეზე დაწერაზე. მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს მიზანმიმართულად მოხდა.

“თქვენ არ მიიჩნიეთ საეჭვო გარემოებად ის ფაქტი, რატომ მოუნდა 21 ადამიანს ერთად ეკონომიკის სამინისტროში მისვლა და ქონების სახელმწიფოსთვის გადაფორმება. პრაქტიკაში როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა მომხდარიყო ეს? მინმუმ უნდა დაურეკონ ეკონომიკის სამინისტროში, საშვები დაუშვან, დახვდეს იქ პასუხისმგებელი პირი, გაარკვიოს, რა ქონებას ჩუქნის. იქნებ ვალიან ქონებას ჩუქნის? მსგავსი პროცედურები არ გავლილა. მე გეტყვით, როგორ ხდებოდა ეს – ფინანსური პოლიციის და სამხედრო პოლიციის ესკორტებით ამ ადამიანების ტარება აქეთ-იქით ღამის ნოტარიუსებთან. თქვენ კითხვები არ გაგიჩნდათ… მე მგონი,  თქვენ იმიტომ გადმოგებარათ ეს საქმე, რომ თქვენში დარწმუნებული იყვნენ, რომ დავალებას შეასრულებდით”, – მიმართა კობერიძემ მიქაბერიძეს.

დეპუტატი ასევე დაინტერესდა, როგორ მოახერხა მიქაბერიძემ 3 000-ფურცლიანი საქმის გაცნობა, რასაც მინიმუმ 1 თვე სჭირდება, ისე სწრაფად, რომ საქმის დაწერისთანავე პროცესი ჩანიშნა და 2-3 კვირაში დაასრულა.

“ფურცლების რაოდენობა არ განსაზღვრავს დავის სირთულეს. ერთ-ერთი ტომი საერთოდ დათმობილი აქვს ხელშეკრულელბებს”, – აღნიშნა მიქაბერიძემ.

“საქმის მასალებს რეალურად არც გაცნობიხართ, ისე გამოიტანეთ გადაწყვეტილება. დანიშნულიც სწორედ იმიტომ ხართ, რომ გავლენიანი ჯგუფებისთვის საჭირო იყო ამ გადაწყვეტილების ისე მიღება, როგორც თქვენ მიიღეთ. როგორც მაშინ ნოტარიულად “უპრავებდნენ” მოსამართეელები საქმეს ხელისუფლებას, ისე გრძელდება დღესაც… თქვენ არ იმსახურებთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას და მე მგონი, მოსამართლეობასაც არ იმსახურებთ”, – მიმართა კობერიძემ ლევან მიქაბერიძეს.

“თბილავიამშენის” საქმეთან დაკავშირებით მოსამართლე გააკრიტიკა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმაც და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ლევან მიქაბერიძის უზენაეს სასამართლოში უვადოდ  დანიშვნა სწორი გადაწყვეტილება არ არის.

“მთელი ცხოვრების განმავლობაში კანცელარიაში მუშაობდით კლანის თანაშემწედ, მერე ხდებით მოსამართლე და 3 წელიც არაა გასული, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი გაქვთ. თქვენ შემთხვევაში საბჭომ გაგიყვანათ კონკურსში, მაშინ როდესაც იყვნენ თქვენზე გაცილებით გამოცდილი კონკურსანტები. ნებისმიერი კონიაკის მოყვარული გეყტყვით, რომ კონიაკი 20 წლის დაძველებით უფრო კარგია, ვიდრე – სამი. არ გეწყინოთ, მაგრამ ძალიან ჭყინტი ხართ იმისთვის, რომ გახდეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე”,  – განაცხადა ლევან კობერიძემ.

დეპუტატების საპასუხოდ ლევან მიქაბერიძემ აღნიშნა, რომ მას სახელმწიფოს წინააღმეგ ბევრი გადაწყვტილება აქვს მიღებული.

 

“თბილავიამშენის” საქმის შესახებ წაიკითხეთ აქ:

ბიზნესმენები სახელმწიფოსთვის “ნაჩუქარი” საავიაცო ქარხნის დაბრუნებას ითხოვენ

მასალების გადაბეჭდვის წესი