თბილისის საავიაციო ქარხნის ყოფილ მფლობელებს, რომლებიც აცხადებენ, რომ 2010 წელს ზეწოლის შედეგად დათმეს წილები, ეკონომიკის სამინისტრო ქონებას უკან აღარ უბრუნებს.
თბილისის საავიაციო ქარხნის ყოფილი მფლობელები სახელმწიფოსგან ქონების დაბრუნებას ითხოვენ. წილის დაბრუნების მოთხოვნით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პროკურატურას და სასამართლოს მიმართეს.
მათი მტკიცებით, 2010 წლის ივნისში “თბილავიამშენის” წილები ზეწოლის პირობებში აჩუქეს სახელმწიფოს და ახლა მოითხოვენ, რომ წილის დათმობის ხელშეკრულებები გაბათილდეს, რადგან ეს ყველაფერი იძულებით მოხდა.
2017 წელს საქალაქო სასამართლომ საავიაციო ქარხნის აქციონერთა მოთხოვნა ქონების უკან დაბრუნებაზე არ დააკმაყოფილა. ამჟამად საქმეს სააპელაციო სასამართლო იხილავს.
2012 წელსვე აქციონერებმა მთავარ პროკურატურასაც მიმართეს. საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, თუმცა დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინა და 2016 წელს ძიება შეწყდა. “სამართლიანობის აღდგენა” “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო 2012 წლის არჩევნებზე. 2015 წელს მთავარ პროკურატურაში ახალი დეპარტამენტი შეიქმნა. დეპარტამენმა 2012 წლის ოქტომბრამდე საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულები უნდა გამოძიოს, მათ შორის ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტებიც.
როგორ აღმოჩნდა შ.პ.ს თბილავიამშენი სახელმწიფოს საკუთრებაში
2003 წელს შ.პ.ს თბილავიამშენს 10 წლის ვადით მართვაში გადაეცა სს “თბილავიამშენი”, რომლის 100%-საც სახელმწიფო ფლობდა. კომპანიამ აიღო ვალდებულება, ამ პერიოდში თბილავიამშენში 21 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განეხორციელებინა.
ერთ-ერთი მოსარჩელე კახა ჟღენტი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროსგან შ.პ.ს თბილავიამშენის 2%-ის დაბრუნებას ითხოვს, ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ 2004 წელს სახელმწიფოსგან “თბილავიამშენის” სრულად ყიდვის შეთავაზება მიიღეს. ჟღენტის თქმით, საავიაციო ქარხნის გასხვისება მაშინდელ ეკონომიკის მინისტრს კახა ბენდუქიძეს სურდა.
“ბენდუქიძემ გვითხრა, რომ მას მართვის უფლება არ აწყობდა და ამ ქარხნის პრივატიზაცია უნდა მომხდარიყო”,-ამბობს კახა ჟღენტი.
დოკუმენტების მიხედვით, რომელიც ნეტგაზეთს მოსარჩელე მხარემ უჩვენა, 2004 წელს თბილისის საავიაციო ქარხნის პროვატიზაცია მოხდა. შპს თბილავიამშენმა და მსგავსი დასახელების მქონე სააქციო საზოგადოებამ სახელმწიფოსგან ქარხანა 67 მლნ აშშ დოლარად გამოისყიდა. ეს თანხა კომპანიას ერთი წლის ვადაში უნდა გადაეხადა. კომპანია ვალდებული იყო ქარხნისთვის პროფილი შეენარჩუნებინა, ასევე შეესრულებინა სახელმწიფო დაკვეთები. თანხის გადახდის შემდეგ 3 წლის განმავლობაში საავიაციო ქარხანამ ვალდებულება აიღო, თანამშრომლებისთვის ხელფასი სულ მცირე 10%-ით გაეზარდა.
მას შემდეგ, რაც სახელმწიფოს სრულად გადაუხადეს ეს თანხა, 2006 წელს სს თბილავიამშენის 90%-ის მფლობელი შ.პ.ს თბილავიამშენი გახდა, 10%-ს კი ქარხანაში სს თბილავიამშენი ფლობდა. კახა ჟღენტის თქმით, სააქციო საზოგადოების აქციები თანამშრომლებს გადაეცათ.
2010 წლის 27 ივნისის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შ.პ.ს თბილავიამშენის 100%-იან წილს პანტიკო თორდია (85.94%) ნოდარ ბერიძე (11.95%) და კახაბერ ჟღენტი (2.11%) ფლობდნენ. იმავე პერიოდში კომპანიას ჰქონდა ვალი ჰოლანდიაში რეგისტრირებული კომპანიის, GROWTH MANAGEMANT LIMITED-ის მიმართ. ფინანსური დავალიანების გამო, უცხოურ კომპანიას საწესდებო კაპიტალის 10%-ის გირავნობის უფლება გააჩნდა.
27 ივნისს, კვირადღეს, შედგა შ.პ.ს თბილავიამშენის დამფუძნებელ პარტნიორთა კრება, რომელსაც კომპანიის სამივე მეწილე ესწრებოდა. მათი გადაწყვეტილებით, კომპანიის 100% უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს.
28 ოქტომბრიდან შ.პ.ს თბილავიამშენის 100%-იანი მესაკუთრე უკვე სახელმწიფო გახდა. იმავე წელს საავიაციო ქარხანა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას” დაქვემდებარებაში გადავიდა. დელტას ზედამხედველობას უწევს თავდაცვის სამინისტრო.
წილების სახელმწიფოსთვის ჩუქებამდე რამდენიმე დღით ადრე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, შპს თბილავიამშენში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. კომპანიიდან საგამოძიებო სამსახურმა 2003 წლიდან 2010 წლის 10 ივნისამდე არსებული საბუღალტრო დოკუმენტაცია, მიმოწერა, ხელშეკრულებები და სხვა დოკუმენტაცია ამოიღო.
“ეს იყო მომგებიანი კომპანია, მეტიც, წართმევის პერიოდში, 2010 წელს ჩვენ გვქონდა 200 მლნ დოლარის კონტრაქტის სამუშაოები. ამ კონტრაქტებში სახელმწიფოს შეკვეთის წილი დაახლოებით 0.5% იყო,” – ამბობს კახა ჟღენტი.
ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ სასამართლოში შეტანილ სარჩელში საავიაციო ქარხნის მეწილეები ირწმუნებიან, რომ სახელმწიფოსათვის წილის უსასყიდლოდ დათმობის დროისათვის სს „თამ თბილავიამშენს“ და შპს „თბილავიამშენს“ დადებული ჰქონდა არაერთი მსხვილი კონტრაქტი, მათ შორის 2008 წლის 14 ივნისის ხელშეკრულება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროსთან მომსახურების გაწევასა და საქონლის მიწოდებაზე. მათივე მტკიცებით, 2009 წელს ქარხნის მოგებამ 17 მლნ ლარს გადააჭარბა.
კახა ჟღენტის მტკიცებით, თბილავიამშენზე წეზოლა 2010 წლიდან დაიწყო, როცა მთავარ აქციონერი პანტიკო თორდია უშიშროების სამსახურში დაიბარეს. ჟღენტის განცხადებით, ძალოვან სტრუქტურაში თორდიას განუმარტეს, რომ საავიაციო ქარხანას საკუთარი გადაწყვეტილებები სახელმწიფოსთან უნდა შეეთანხმებინა. ამის პარალელურად, სახელმწიფომ 31-ე ქარხანას სახელმწიფო შეკვეთები შეუჩერა.
ჟღენტის ინფორმაციით, წილების სახელმწიფოსთვის ჩუქებამდე ერთი დღით ადრე, 26 ივნისს პანტიკო თორდია დაიბარეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, სადაც ბრალი წარუდგინეს. პანტიკო თორდიას მხარე ბრალის წარდგენას დოკუმენტურად ვერ ასაბუთებს, თუმცა ამბობენ, რომ ბრალი სახელმწიფოს მოტყუების გზით ქარხნის მითვისებას ეხებოდა.
“როცა პანტიკო თორდიამ ბრალის წარდგენის მოტივზე ჰკითხა, მათ უთხრეს, რომ დავალება ჰქონდათ, რომ ქარხანა სახელმწიფოსთვის უნდა ეჩუქებინათ. რამდენიმესაათიანი მუქარის შემდეგ თორდია წილის ჩუქებაზე დათანხმდა,”-ამბობს ჟღენტი.
ჟღენტის თქმითვე, შ.პ.ს -ს სამივე მეწილე 27 ივნისს, კვირადღეს, ეკონომიკის სამინისტროში დაიბარეს, სადაც სახელწიფოს ქარხნის წილები აჩუქეს.
თბილისის საავიაციო ქარხნის საქმე ამ ეტაპზე სააპელაციო სასამართლოში განიხილება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი მიშა ჯახუა ვარაუდობს, რომ თბილავიამშენის ყოფილი აქციონერების საქმეზე სასამართლო მიმიდინარე წლის ნოემბერში მიიღებს გადაწყვეტილებას.
“სახელმწიფოს მხრიდან თბილავიამშენის ქონების წართმევის საკითხში 2012 წლიდან ვართ ჩართული. საია ამ დავაში იცავს 18 აქციონერის ინტერესებს და ცვდილობთ დავამტკიცოთ, რომ ამ 18 ადამიანს სახელმწიფომ მთელი თავისი მექანიზმების გამოყენებით მათი კუთვნილი ქონება წაართვა. დღესაც კი სახელმწიფო ამტკიცებს, რომ 21 ადამიანს ერთდროულად, ერთსა და იმავე პერიოდში გაუჩნდა სურვილი იმის, რომ ეჩუქებინა სახელმწიფოსთვის მათ მიერ შეძენილი ქონება,”-ამბობს მიშა ჯახუა.
კახა ჟღენტის თქმით, 2 ივლისს სამხედრო პოლიციიდან საავიაციო ქარხანანაში დარეკეს და უთხრეს, რომ დანარჩენი აქციონერებიც უნდა მისულიყვნენ ნოტარიუსთან. “პირდაპირ ასე გვითხრეს, ვინც ჩუქებაზე უარს იტყოდა, მათთზე ინფორმაცია მიგვეწოდებინა,”- ამბობს ჟღენტი.
მიხეილ ჯახუას თქმით, სააქციო საზოგადოების წევრებმაც, მსხვილი აქციონერების მსგავსად, სახელმწიფოს ქონება აჩუქეს.
პანტიკო თორდიას ადვოკატი კახა კოჟორიძე განმარტავს, რომ ამ საქმით ჯერ კიდევ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეობის პერიოდში დაინტერესდა. მისი თქმით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, აქციონერები საიაში მივიდნენ და ქონების დათმობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. საავიაციო ქარხნის მეწილეების დავას იურისტი რუსთავი 2-ის საქმეს ადარებს.
“როცა მხარე, მოქალაქე მიუთითებს რაღაც მოვლენათა ჯაჭვზე და ამბობს, რომ ეს გარემოებები მიანიშნებს, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა და მეორე მხარე სახელმწიფოა, ამ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი სახელმწიფოზეა. მან უნდა ამტკიცოს, რომ სახელმწიფოს არ მოუხდენია მოქალაქეზე ზეწოლა. სტრასბურგი ამ პრაქტიკას ამტკიცებს. საქალაქო სასამართლომ ამ გარემოებას ყურადღება არ მიაქცია. “რუსთავი 2″-ის საქმესთან პარალელს თუ გავავლებთ, ვნახავთ, რომ ამ შემთხვევაში მხარე ამბობდა, რომ ქონება საბაზრო ფასზე ნაკლებ ფასად დაათმობინეს. მაგალითად, თუ საბაზრო ღირებულება 10 ლარი იყო, მან იძულებით 5 ლარად დათმო. ამის გამო ორ კერძო პირს შორის დადებული ხელშეკრულება უნდა გაბათილდეს. ამ შემთხვევაში მოქალაქე და სახელმწიფო არიან მხარეები და საბაზრო ფასზე ნაკლებად გააყიდინეს კი არა, საერთოდ უფასოდ დაათმობინეს ქონება, რაშიც მათ 67 მლნ დოლარი ჰქონდათ გადახდილი. ამას ემატება ისიც, რომ ყოველწლიურად ქარხნის მეწილეები მრავალმილიონიან მოგებას იღებდნენ,”-აცხადებს კახა კოჟორიძე.
ეკონომიკის სამინისტროს პოზიცია
შესაგებელ სარჩელში, რომელიც ნეტგაზეთს მხარემ მიაწოდა, ეკონომიკის სამინისტრო წილების იძულებით დათმობის ფაქტს უარყოფს. მეტიც, აცხადებს, რომ 2010 წელს შ.პ.ს თბილავიამშენისა და სს თბილავიმშენის ფინანსური მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. სწორედ ამ მიზნით გადაწყვიტეს საავიაციო ქარხნის მეწილეებმა წილების სახელმწიფოსთვის ჩუქება.
სასამართლოზე სამინისტრომ კერძო აუდიტორული კომპანიის მიერ ჩატარებული აუდიტის დასკვნა წარადგინა. დასკვნის თანახმად, 2010 წლის დასაწყისისთვის საავიაციო ქარხანას ქვეყნის შიგნით არსებულ საკრედიტო ორგანიზაციების მიმართ დაახლოებით 277 ათასი ლარი ემართა, ხოლო საზღვარგარეთ რეგისტრირებულ კომპანიებთან დაახლებით 32 ათას ლარის დავალიანება ჰქონდა.
ნეტგაზეთი ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა. ჩვენ გვსურდა გაგვერკვია, რატომ მიაჩნია უწყებას, რომ საავიაციო ქარხნის მეწილეებს მოულოდნელად გაუჩნდათ სურვილი საკუთარი ქონება სახელმწიფოს გადასცენ.
“ეკონომიკის სამინისტრო მოუწოდებს ოპონენტ მხარეს და მის მხარდამჭერ ძალებს, სასამართლო პროცესის დასრულებამდე თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და ქმედებებისგან, რომლებსაც შეუძლიათ გავლენის მოხდენა სასამართლოზე,”- ასე უპასუხეს ნეტგაზეთის კითხვას სამინისტროში.
როგორ დაასაბუთა საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება
საქალაქო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში აცხადებს, რომ სარჩელი ფოკუსირებულია მხოლოდ პანტიკო თორდიას მიმართ განხორციელებულ იძულებაზე. საქალაქო სასამართლოს შეფასებით, დანარჩენი აქციონერების ნაწილში იმდენად მწირია ინფორმაცია, რომ სასამართლოს უჭირს დაადგინოს, მართლაც იძულებით დათმეს თუ არა საკუთარი ქონება.
“სარჩელში ასახული ზოგადი ფორმულირება ,,…ს.ს „თბილავიამშენის“ აქციონერებზე მიმდინარეობდა ზეწოლა…“ არ არის საკმარისი,”-წერია გადაწყვეტილებაში.
გარდა ამისა, აქციონერებმა ქონების ჩუქებიდან ერთი წლის შემდეგ არ მიმართეს სასამართლოს, რითაც სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლი დაირღვა. ამ მუხლის თანახმად, იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში.
სამოქალაქო კოდექსის თანახმად, იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში იძულების დამთავრების მომენტიდან.
კახა კოჟორიძე ამბობს, რომ საავიაციო ქარხნის მეწილეების შემთხვევაში იძულება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დამთავრდა. კოჟორიძე განმარტავს, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლომ თქვა, რომ ამდენი წლის გასვლის მიუხედავად, ქიბარ ხალვაშის შემთხვევაში იძულება ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამთავრდა. კოჟორიძის თქმით, უზენაესი სასამართლოს მიერ რაიმე ნორმის განმარტება ქვედა ინსტანციებისთვის სავალდებულოა.
ამასთან, მოსარჩელეები საავიაციო ქარხნის სახელმწიფოსთვის წილის ჩუქებას ამორალურ გარიგებად აფასებენ. კოჟორიძის თქმით, ასეთ გარიგებაზე, სასამართლო პრაქტიკით, ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება.
“ამ შემთხვევაში იძულება მოდიოდა სახელმწიფო ორგანოებიდან და მაშინდელი ხელისუფლებისგან. მათ ძალაუფლება ჰქონდათ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. შესაბამისად, როგორ წარმოგიდგენიათ, მეწილეებს რაიმე სამართლებრივი ბერკეტი აემუშავებინათ და ამას არ მოჰყოლოდა იგივე იძულება სახელმწიფოს მხრიდან,” – აცხადებს კახა კოჟორიძე.