ახალი ამბებისამართალი

ხაზარაძე ე.წ. მუქარის წერილის დედანს პროკურატურას დღეს გადასცემს

21 ოქტომბერი, 2019 • 3602
ხაზარაძე ე.წ. მუქარის წერილის დედანს პროკურატურას დღეს გადასცემს

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე აცხადებს, რომ წერილზე, რომელიც მისი კლიენტების თქმით, გიორგი გახარიასგან მიიღეს და მუქარის შინაარსს შეიცავდა, ბრიტანეთში ჩატარებულმა ექსპერტიზამ 17 თითის ანაბეჭდი გამოავლინა.

კორძაძის თქმით, აღნიშნული წერილის დედანს ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად მთავარ პროკურატურაში დღეს წარადგენენ. როგორც ადვოკატი ამბობს, უცხოეთში ჩატარებული ექსპერტიზის ფარგლებში შეუძლებელი იყო იმის დადგენა, თუ ვის ეკუთვნის ანაბეჭდები, რადგან შესაბამისი ბაზა ქართულ ორგანოებს აქვთ. შესაბამისად, კორძაძის თქმით, ეს პროკურატურის კომპეტენციაა და ამ უწყებამ უნდა დაადგინოს:

"გახარიას მუქარის წერილი"

“ძალიან მარტივ პროცედურასთან უნდა გვქონდეს საქმე, რომ პროკურატურამ შეადაროს აღნიშნული ანაბეჭდები ბაზას და ის ადამიანები, ვისი ანაბეჭდიც აღმოჩნდება ამ წერილზე, გამოკითხოს და დაადგინოს, თუ საიდან მოხვდა მათი ანაბეჭდები ამ წერილზე. ექსპერტიზა, რომელიც ჩატარდა, იყო ანაბეჭდების დაფიქსირება. სხვა ექსპერტიზა ვერ ჩატარდებოდა, რადგან მათ არ გააჩნიათ ბაზა. მათ მოახდინეს ამ წერილზე ანაბეჭდების იდენტიფიცირება” – ამბობს კორძაძე.

ადვოკატის განმარტებით, ამ დროისთვის ასევე უცნობია, რამდენი ადამიანის ანაბეჭდია დოკუმენტზე და აღნიშნულიც პროკურატურის კომპეტენციის სფერო იქნება:

“ჩვენ ამ წერილის დედნის წარდგენით ვამთავრებთ იმ შესაძლო იურიდიულ მოქმედებებს, რაც შეგვეძლო ამ საქმეზე გაგვეკეთებინა. მეტს ვერაფერს გავაკეთებთ, რადგან არც ამის ტექნიკური და არც პროცესუალური ბერკეტი არ გვაქვს”, – ამბობს კორძაძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი