“ვცდილობ, ბავშვებს ვასწავლო რისი ჭამაა სასარგებლო. ვერ გეტყვით, რომ ძალიათ უყვართ ბოსტნეული და ხილი, თუმცა ისიც კარგია, რომ ამ ასაკშივე იციან, რა არის ჯანსაღი კვება. გამიხარდა, რომ ასეთი ღონისძიება მოეწყო. აქ ახლა სხვა ბავშვების ხათრით კარგად ჭამეს ხილიც და სტაფილოც”, – ამბობს ორი მცირეწლოვანი შვილის დედა ანუკა ქაჯაია, რომელიც მზიურის პარკში ღონისძიებას ესწრება.
ხილი, ბოსტნეული, თხილი, ჩურჩხელა და წყალი – ეს იყო დღევანდელი ღონისძიების ძირითადი საკვები, რომლის დაგემოვნებაც მოქალაქეებს უფასოდ შეეძლოთ.
„ჯანმრთელობის მსოფლიო დღე“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ (WHO) 1950 წლიდან აღინიშნება.
ჯანდაცვით საკითხებზე საზოგადოების ყურადღების გამახვილების მიზნით, ორგანიზაცია ყოველწლიურად ირჩევს გზავნილს გლობალური ჯანდაცვის თემაზე. ღონისძიებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით 5 ძირითადი მესიჯი აქვს: (1) დაიცავით სისუფთავე; (2) განაცალკევეთ უმი და მომზადებული საკვები; (3) მოამზადეთ საკვები საფუძვლიანად; (4) შეინახეთ საკვები უსაფრთხოდ; (5) გამოიყენეთ უვნებელი წყალი და სასურსათო ნედლეული.
ოფიციალური ინფორმაციით, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებთან დაკავშირებით ევროკავშირის კანონმდებლობის ჩამონათვალზე მუშაობა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკვე დაასრულა. როგორც ნოდარ კერესელიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ამბობს, პირველ ეტაპზე საუბარია მოქმედ კანონმდებლობაზე, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიახლოების მიზნით რევიზიას საჭიროებს. კერესელიძის თქმით, ამ სფეროებში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება მოხდება ეტაპობრივად, 2015 წლიდან 2030 წლის ჩათვლით.