ახალი ამბები

ეს მხოლოდ 5-დღიანი პაუზის შეთანხმებაა – ბატიაშვილი სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე

18 ოქტომბერი, 2019 •
ეს მხოლოდ 5-დღიანი პაუზის შეთანხმებაა – ბატიაშვილი სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე

რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი სკეპტიკურად უყურებს აშშ-სა და თურქეთს შორის ჩრდილოეთ სირიაში მიმდინარე ოპერაციის შეჩერებაზე მიღწეულ შეთანხმებას. ის ამბობს, რომ სამხედრო ნაწილების გაყვანის შემდეგ აშშ-ს ნაკლები ბერკეტი რჩება, კონფლიქტის მხარეებს შეთანხმება შეასრულებინოს.

“ეს ორმხრივი შეთანხმებაა, მაგრამ კონფლიქტს უფრო ბევრი მხარე ჰყავს და მათი ინტერესები არ ემთხვევა. თვითონ შეთანხმებასაც იმის შესახებ, რა ზონიდან უნდა გავიდნენ პროქურთული ძალები, თურქეთი და აშშ/პროქურთული ნაწილები სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებენ. ეს პაუზა რეალურად ცეცხლის შეწყვეტაც არ არის, იმიტომ, რომ ცეცხლის შეწყვეტა ხდება მხარეებს შორის, თურქეთს კი არ სურს, მეორე მხარედ აღქმული იყოს ორგანიზაცია, რომელსაც ტერორისტულად მიიჩნევს. ასადის რეჟიმი არ აღიარებს აშშ-თურქეთის შეთანხმებას და თურქეთის ჯარების სრულ გაყვანას მოითხოვს. ასადის რეჟიმი კი, როგორც წესი, მოსკოვის ნებას აჟღერებს. იმედია, ვცდები, მაგრამ სირიასთან დაკავშირებით რა რეალური გამოცდილებაც აქვს საერთაშორისო თანამეგობრობას, შეთანხმებები ხშირად ირღევვა ხოლმე”, – აცხადებს ბატიაშვილი.

ამ დროისთვის თურქეთს საკუთარი გეგმა (გაწმინდოს ევფრატის აღმოსავლეთ ნაწილი უსაფრთხების ზონის შესაქმნელად) მხოლოდ 15%-ით აქვს შესრულებული. რუსეთის მხარდაჭერილმა ასადის ძალებმა დაიკავეს მანბიჯის პროვინცია და მიმდებარე ტერიტორიები, მათ შორის, მანბიჯის ჩრდილოეთი ნაწილი, რომელიც უშუალოდ თურქეთს ესაზღვრება. ბატიაშვილისთვის ძნელად წარმოსადგენია, რომ რუსეთის და ასადის ძალები დატოვებენ რეგიონებს, სადაც უკვე განლაგდნენ. იგი მიიჩნევს, რომ აშშ-სა და თურქეთს შორის შეთანხმება “მხოლოდ 5-დღიანი პაუზის შეთანხმებაა” და რეალური დიპლომატიური ჭიდილი სწორედ 22 ოქტომბერს ვლადიმერ პუტინისა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანის შეხვედრაზე გაიმართება.

“აშშ გავიდა და დარჩა ორი დიდი ძალა – რუსეთი და თურქეთი და მათი proxy ძალები, ანუ ადგილზე  მოკავშირეები, რომელთან ერთადაც იბრძვიან ეს მხარეები. ამ სიტუაციაში ისევ რუსეთი რჩება მოგებული, ვინაიდან შეერთებული შტატები გარკვეულწილად გაეცალა კონფლიქტს და გუშინდელი შეთანხმებითაც საბოლოო სიტყვის თქმის უფლება რუსეთს დაუტოვა”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ბატიაშვილმა.

ბატიაშვილის თქმით, 22 ოქტომბრის შეხვედრაზე პუტინი მაქსიმალურად შეეცდება, საკუთარი თავი წარმოაჩინოს მთავარ მშვიდობისმყოფლად, ასადის რეჟიმის ინტერესები დაიცვას და თურქეთის სირიაში ყოფნა როგორმე “დროებით ყოფნად” გააფორმოს; თურქეთის მიზანი კი ბუფერული ზონის იდეის ბოლომდე დაცვა იქნება.


17 ოქტომბერს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანისა და აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას 120 საათით, ანუ 5 დღით აჩერებს. დროებითი ვადა 22 ოქტომბერს იწურება – სწორედ იმ დროსთვის, როცა სოჭში ჩანიშნულია თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა. მანამდე კრემლმა განაცხადა, რომ სირიაში სამხედრო ოპერაციის დროებით შეწყვეტის შესახებ “ინფორმაციას ელოდება”. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით კი, ეს “კარგი გადაწყვეტილებაა ცივილიზაციისთვის” და ამის გამო “ქურთები არიან ბედნიერები, თურქეთი ბედნიერია, აშშ ბედნიერია”. “სირიის დემოკრატიულმა ძალებმა” განაცხადეს, რომ თურქეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას არ ასრულებს, რაც რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა უარყო.

ამ თემაზე:

აშშ აცხადებს, რომ თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში ცეცხლს დროებით შეწყვეტს

მასალების გადაბეჭდვის წესი