საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო აქტიურად აკვირდება სირიაში განვითარებულ მოვლენებს.
თურქეთ-სირიის მოვლენებზე პროგნოზის გაკეთება და საქართველოზე გავლენების შეფასება ზალკალიანს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მერაბ ქვარაიამ სთხოვა.
“ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს. ძალიან მგრძნობიარე საკითხია. ასევე, ვაცნობიერებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, თურქეთის ინტერესს, რომ მის საზღვრებთან უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოების გარემო. ამავე დროს, დაინტერესებული ვართ, რომ ორ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს – თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს – შორის, იყოს მიღწეული შეთანხმება, რადგანაც ეს დიდწილად განაპირობებს რეგიონში შემდგომ უსაფრთხოებას”, – განაცხადა ზალკალიანმა.
დავით ზალკალიანის თქმით, მთავრობა “სერიოზულად ფიქრობს და აანალიზებს” სირიაში თურქეთის ოპერაციის გავლენებს საქართველოზე, როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების კუთით.
“ყველა უწყება, რომელიც არის პასუხისმგებელია ამაზე, როგორც ეკონომიკური მიმართულებით, ისე უსაფრთხოების კუთხით, მუდმივი მონიტორინგის და კონსულტაციების რეჟიმში ვართ საერთაშორისო პარტნიორებთან, როგორც თურქეთთან, ისე ამერიკასთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან”, – დასძინა ზალკალიანმა.
სამხედრო მოქმედებები ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა 9 ოქტომბერს დაიწყო. ოფიციალური განცხადებების თანახმად, სამხედრო ოპერაციის, კოდური სახელწოდებით „მშვიდობის წყარო“, მიზანი თურქეთ-სირიის საზღვარზე 30 კმ-იანი უსაფრთხო ზონის შექმნა და ამ ზონაში სირიიდან დევნილი მოსახლეობის დაბრუნებაა.
თურქეთის იერიშს და აშშ-ის უკანდახევას მოჰყვა საერთაშორისო კრიტიკა – ქურთების მიერ შექმნილი სირიის დემოკრატიული ძალები იყო დასავლეთის მთავარი მოკავშირე ISIS-ის ტერორისტებთან ბრძოლაში, თუმცა ოფიციალური თურქეთი მათ ტერორისტულ ძალებად მიიჩნევს.
ამ თემაზე: