ახალი ამბები

სირიაში მიმდინარე მოვლენები საქართველოსთვის პოტენციურ საფრთხედ განიხილება – ლილუაშვილი

23 ოქტომბერი, 2019 •
სირიაში მიმდინარე მოვლენები საქართველოსთვის პოტენციურ საფრთხედ განიხილება – ლილუაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, სირიაში მიმდინარე მოვლენები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საფრთხედ განიხილება.

ამის შესახებ ლილუაშვილმა “იმედის” ეთერში, გადაცემა “SWOT-ანალიზში” განაცხადა.

“რეგიონში მიმდინარე დიდ არეულობას ყველა ვარიანტში შეუძლია გავლენა მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკურ და სხვა პროცესებზე. თურქეთი თუკი სანქციების ქვეშ მოექცევა, საქართველოს ეკონომიკაზე ეს ერთ-ერთი უარყოფითად მოქმედი ფაქტორი იქნება, ვინაიდან სავაჭრო ბრუნვა, ვალუტის კურსი, მეტწილად მჭიდროდ არის ინტეგრირებული თურქეთის მეწარმე სუბიექტებთან და სხვადასხვა სტრუქტურებთან. შესაბამისად, ეკონომიკური კუთხითაც დიდ გამოწვევას წარმოადგენს ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები. წმინდა უსაფრთხოების ჭრილში იზრდება იმის რისკი, რომ ბანაკებში დატყვევებული მებრძოლები კვლავ აღმოჩნდნენ “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლთა რიგებში და, შესაბამისად, გაძლიერებული “ისლამური სახელმწიფოს” ფონზე საქართველოშიც მივიღოთ გარკვეულ პირთა მიერ რაღაც პროცესები”, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, გულისხმობს არა მარტო იმ მოქალაქეებს, ვინც იქ არიან, არამედ მათაც, ვინც შეიძლება გააქტიურების ფონზე კვლავ შემოაღწიოს საქართველოში და დაიწყოს გადაბირების, ე.წ. რეკრუტირების პროცესი, რაც ყველაზე სახიფათოა.

“ასევე, საფრთხეები შეიძლება განვითარდეს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ქვეყნად გამოყენების კუთხით, ანუ როდესაც გადაადგილდებიან მებრძოლები, შეიძლება იყოს გამოყენებული ჩვენი ქვეყანა ამ გადაადგილებისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლებთ ამ მიმართულებით. პრობლემას აღრმავებს ისიც, რომ პოტენციური მებრძოლები შეიძლება იყვნენ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებიც, ევროპული პასპორტებით ხელში. ამ ქვეყნებთან ჩვენ გვაქვს ძალიან ლიბერალური პოლიტიკა – უვიზო მიმოსვლა, შესაბამისად, ამ ნაკადშიც კი ძალიან დიდი სამუშაო გვაქვს, რათა გამოვხშიროთ. მოგეხსნებათ, საფრანგეთის მოქალაქეები ძალიან დიდი რაოდენობით იღებდნენ მონაწილეობას, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები. ის, რომ კაცს ჯიბეში უდევს ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის პასპორტი, არ არის ჩვენთვის დამშვიდების საფუძველი. მაინც ვცდილობთ, რომ მათ შორის გამოვხშიროთ არასასურველი პირები, რომლებიც შეიძლება იყვნენ ზიანის მომტანი არა მარტო საქართველოს უსაფრთხოებისთვის, არამედ ზოგადად, მსოფლიო მშვიდობას აყენებდეს საფრთხის ქვეშ”, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი