ახალი ამბები

რუსეთი და თურქეთი სირიის ჩრდილოეთში ერთობლივ პატრულირებაზე შეთანხმდნენ

22 ოქტომბერი, 2019 • 1797
რუსეთი და თურქეთი სირიის ჩრდილოეთში ერთობლივ პატრულირებაზე შეთანხმდნენ

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა სოჭში გამართულ შეხვედრაზე ჩრდილოეთ სირიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით 10-პუნქტიანი ურთიერთგაგების მემორანდუმი მიიღეს.

კრემლის მიერ გამოქვეყნებული მემორანდუმის ტექსტის მიხედვით:

  • ორივე მხარე ადასტურებს ერთგულებას სირიის ტერიტორიული მთლიანობის და პოლიტიკური ერთობის შენარჩუნების, ასევე, თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართ;
  • მხარეები ხაზს უსვამენ თავიანთ გადაწყვეტილებას, ებრძოლონ ტერორიზმს, გამოხატულს ნებისმიერ ფორმაში და წინ აღუდგნენ სეპარატისტულ მისწრაფებებს სირიის ტერიტორიაზე;
  • ამ კონტექსტში ოპერაცია “მშვიდობის წყაროს” არეალში დღეს არსებული სტატუს-კვო თელ-აბიადსა და რას ალ აინს შორის 32 კმ სიღრმეში შენარჩუნდება;
  • ორივე მხარე ადასტურებს ადანის შეთანხმების მნიშვნელობას. რუსეთის ფედერაცია ხელს შეუწყობს აღნიშნული შეთანხმების შესრულებას ამჟამინდელ პირობებში;
  • 23 ოქტომბრის 12:00 საათიდან სირია-თურქეთის საზღვრის სირიის მხარეს, ოპერაცია “მშვიდობის წყაროს” ზონის გარეთ, შევლენ რუსეთის სამხედრო პოლიციის და სირიის სასაზღვრო სამსახურის დანაყოფები. ისინი ხელს შეუწყობენ ქურთების განმათავისუფლებელი ძალებისა და მათი შეიარაღების გაყვანას სირია-თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრით, რაც უნდა დასრულდეს 150 საათში, 23 ოქტომბრის 12:00 საათიდან. ამ მომენტიდან დაიწყება ერთობლივი რუსულ-თურქული პატრულირება 10 კილომეტრის სიღრმეში საზღვრიდან დასავლეთით და “მშვიდობის წყაროს” ოპერაციის აღმოსავლეთით, გარდა ქალაქ ქამიშლისა;
  • ყველა ქურთული დანაყოფი და მათი შეიარაღება გაყვანილი იქნება მანბიჯიდან და ტალ რიფატიდან.
  • ორივე მხარე მიიღებს აუცილებელ ზომებს ტერორისტული ელემენტების ინფილტრაციის თავიდან ასაცილებლად;
  • მობილიზებული იქნება ერთობლივი ძალისხმევა ლტოლვილების ნებაყოფლობითი და უსაფრთხო დაბრუნების ხელშესაწყობად;
  • შეიქმნება ერთობლივი მონიტორინგისა და ვერიფიკაციის მექანიზმი არსებული მემორანდუმის განხორციელების კოორდინაციის მიზნით;
  • ორივე მხარე გააგრძელებს მუშაობას სირიის კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის გზების საძიებლად “ასტანის მექანიზმის” ფარგლებში და მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო კომიტეტის საქმიანობას.

ამ თემაზე:

აშშ აცხადებს, რომ თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში ცეცხლს დროებით შეწყვეტს

მასალების გადაბეჭდვის წესი