ახალი ამბები

თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო შეტევა დაიწყო

9 ოქტომბერი, 2019 • 1905
თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო შეტევა დაიწყო

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი „Twitter“-ში წერს, რომ თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის ეროვნულ არმიასთან ერთად ჩრდილოეთ სირიაში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ამის შედეგად, „Bloomberg“-ის ინფორმაციით, თურქული ლირის კურსი დაეცა.

“თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა, სირიის ეროვნულ არმიასთან ერთად, ახლახან დაიწყო ოპერაცია- სახელწოდებით „საგაზაფხულო მშვიდობა“- „ქურთების მუშათა პარტიის“, „ხალხთა დაცვის რაზმების“ და დაეში ტერორისტების წინააღმდეგ ჩრდილოეთ სირიაში. ჩვენი მიზანია ჩვენს სამხრეთ საზღვართან ტერორისტული კორიდორის წარმოქმნის პრევენცია და რეგიონში მშვიდობის დამკვიდრება“ ,– ნათქვამია ერდოღანის თვითში.

თურქეთის გეგმების დეკლარირებამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რეგიონიდან ამერიკული ჯარის გამოყვანა გადაწყვიტა. „Twitter“-ში მან დაწერა, რომ „გამოიყვანა აშშ-ის 50 ჯარისკაცი“ და „თურქეთი ვალდებულია გადაიბიროს კონტროლი ისლამური სახელმწიფოს დაკავებულ ჯარისკაცებზე, რომელთა უკან მიღებაზეც ევროპამ უარი თქვა“. ტრამპმა ისიც აღნიშნა :„თუკი თურქეთი გააკეთებს რამე ისეთს, რასაც ჩემი გასაოცარი და განუმეორებელი სიბრძნით ზედმეტად მივიჩნევ, თურქეთის ეკონომიკას ბოლომდე გავანადგურებ (რაც ადრე უკვე გამიკეთებია!)“.

„MSNBC“ იუწყება, რომ საპასუხოდ ქურთებმა რეგიონში მობილიზაცია გამოაცხადეს, საერთაშორისო საზოგადოებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს და განაცხადეს, რომ შესაძლოა „ჰუმანიტარული კატასტროფა“ მოხდეს.

„Al Jazeera“ წერს, რომ გაერომ, ევროკავშირმა და არაერთმა სახელმწიფომ უკვე გამოხატა შეწუხება თურქეთის გეგმასთან დაკავშირებით. მათი თქმით, ნებისმიერმა სამხედრო მოქმედებამ შეიძლება კიდევ უფრო დიდი ტანჯვა მოუტანოს სირიელებს, რომლებიც უკვე მერვე წელია კონფლიქტის პირობებში ცხოვრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი