შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილსში, ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში ერთდროულად ჩატარებული ღონისძიების შედეგად ნარკორეალიზაციაში ბრალდებული 5 პირი დააკავეს.
პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას 11 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი” და 20 ათას 970 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყება ამბობს, რომ მიმდინარე წელს სამართალდამცველების მიერ ამოღებულია 26,2 კილოგრამი “ჰეროინი”, 2 კილოგრამი “კოკაინი”, 13700 აბი „სუბუტექსი” და „სუბოქსინი”, 23,1 კილოგრამი „მდმა“, 9,8 კილოგრამი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 1 კილო და 600 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.
ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით სულ დაკავებულია 113 პირი.