ახალი ამბები

“ეს არის სპეკულაციები” – ზალკალიანი შავ ზღვაზე ხაზარაძის განცხადებაზე

17 ოქტომბერი, 2019 • 688
“ეს არის სპეკულაციები” – ზალკალიანი შავ ზღვაზე ხაზარაძის განცხადებაზე

“თქვენ როგორ ფიქრობთ, ამერიკელებს რა უნდათ შავ ზღვაში?” – ამ კითხვით მიმართა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა რომან გოცირიძემ საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს.

მანამდე მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის თაობაზე ბიძინა ივანიშვილთან 2017 წლის საუბარი გაიხსენა. ხაზარაძის მტკიცებით, ივანიშვილმა მას უთხრა: “მოდი, შევეშვათ ანაკლიას… შენ, ეტყობა, გეოპოლიტიკაში ვერ ერკვევი. რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?!”.

“კითხვის იმ ნაწილს, რომელიც დაკავშირებული იყო მამუკა ხაზარაძის განცხადებებთან, პასუხს ვერ გავცემ, ეს არის სპეკულაციები. რა თქმა უნდა, ამერიკელებს აქვთ ინტერესები შავ ზღვაზე და როგორც აქამდე იყო, მომავალშიც იქნება რეგიონი ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესში. სწორედ ამ ხელისუფლების პერიოდში, ნატო-სთან კონტექსტში და სამიტებზე მიღებული გადაწყევტილებები 2015 წლიდან მიანიშნებს იმაზე, რომ შავი ზღვა და საქართველო არის პრიორიტეტული ამერიკასთან ურთიერთობის კუთხით”, – განაცხადა ზალკალიანმა.

რომან გოცირიძემ საგარეო უწყების ხელმძღვანელს ასევე ჰკითხა, როგორ აღიქვამენ საერთაშორისო პარტნიორები ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს და განხორციელდება თუ არა ეს პროექტი “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში. ზალკალიანის თქმით, ანაკლიის პროექტი არის უმნიშვნელოვანესი და “რა თქმა უნდა, უნდა განხორციელდეს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი