მიუხედავად მსოფლიოში არსებული უამრავი ცხელი წერტილისა, ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა, საქართველო მსოფლიო საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში კვლავ აქტუალურია და მოწინავე პოზიციებს იკავებს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
ზალკალიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტები საზოგადოების საპირისპიროში დარწმუნებას ცდილობენ, საქართველოს მთავრობამ მოახერხა ყველა არსებული საერთაშორისო ფორმატის მაქსიმალურად გამოყენება საქართველოს ინტერესებისთვის.
“მსურს, რომ ჩვენი ქვეყნის საზოგადოებისთვის საგარეო უწყება, პირადად მე ვიყო მინისტრი, რომელიც მათ ოჯახებში მიიტანს მშვიდობას და არა შეიარაღებულ კონფრონტაციას; სტაბილურობას და არა ესკალაციის მუდმივ საფრთხეს; პროგნოზირებად ნაბიჯებს და არა სპონტანურ გადაწყვეტილებებს; შეუქცევად ევროპულ, ევროატლანტიკურ მომავალს და ამისთვის გადავდგამთ ყველა საჭირო ნაბიჯს პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკის მიუხედავად. ყოველ წუთს ვაცნობიერებ, რომ ჩემ უკან დგას ქვეყანა, რომლისთვისაც ახლა უმთავრესია მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება”, – განაცხადა ზალკალიანმა.
ზალკალიანმა თქვა, რომ საქართველოს პარტნიორების მხრიდან სხვადასხვა ფორმატებში, მათ შორის რუსეთთან, ურთიერთობებისას დღის წესრიგში ხდება საქართველოს საკითხის ირგვლივ კონსოლიდაცია, გარდა საჯაროდ გახმაურებული შემთხვევებისა. ზალკალიანის თქმით, ფრანგი კოლეგებისგან აქვს ინფორმაცია, რომ საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე საქართველოს ოკუპაციის საკითხი იყო წამოწეული.
ოპოზიცია ხშირად ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას პასიურ საგარეო პოლიტიკაში და ამბობს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი აღარ არის საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში.
საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში დაბრუნების აუცილებლობაზე საუბრობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
ამ თემაზე:
ვითხოვთ, საქართველო დაბრუნდეს საერთაშორისო დღის წესრიგში – პრეზიდენტი