საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო პარტნიორებისგან ითხოვს, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი დაბრუნდეს დღის წესრიგში და უკრაინის კონფლიქტთან ერთად განიხილონ.
ამის შესახებ ზურაბიშვილმა დღეს, გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მანამდე ისაუბრა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით სიტუაცია დაძაბულია და ნებისმიერ დროს შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს.
“რას ვისურვებდი დაძაბულ სიტუაციასთან და კონფლიქტებთან მიმართებაში? თუ სურვილებზე არის ლაპარაკი, პირველ რიგში, ვისურვებდი დეესკალაციას და დეოკუპაციას. თუ იმაზეა საუბარი, ახლა რა შეიძლება გაკეთდეს და რას ვითხოვთ ჩვენ პარტნიორებისგან – ერთი და მთავარი მოთხოვნაა, საქართველო დაბრუნდეს დღის წესრიგში; არ იყოს მივიწყებული იმიტომ, რომ იმის შემდეგ შედგა ახალი, შეიძლება უფრო მასშტაბური კონფლიქტი [უკრაინაში]. მაგრამ ეს ორივე კონფლიქტი არის ერთი სახეობის და აუცილებელია, რომ ერთ ჭრილში იყოს განხილული და ჩვენი პარტნიორები თავიანთ კონსულტაციებში მუდმივად ახსენებდნენ, ერთი მხრივ, სიტუაციას, მეორე მხრივ, იმ ვალდებულებებს, რომელიც აღებული იყო რუსეთის მიერ”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის მისიის როლის ზრდაზეც:
“თუ კონკრეტულ საკითხებზე გადავალთ, მაგალითისთვის ერთი საკითხი შეიძლება იყოს ევროკავშირის მიისის არეალის გაზრდა, რომ უფრო ეფექტურად შეძლოს იმ ინციდეტების პრევენცია, რაც უფრო და უფრო გახშირებულია და შეიძლება გადაიზარდოს უფრო სერიოზულ დაძაბულობაში, თუ არა უფრო უარესში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.