ახალი ამბები

„ნუ იქნები სულელი… მოგვიანებით დაგირეკავ“ – ტრამპი ერდოღანს ქურთების ამბავზე

17 ოქტომბერი, 2019 • 6685
„ნუ იქნები სულელი… მოგვიანებით დაგირეკავ“ – ტრამპი ერდოღანს ქურთების ამბავზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს სპეციალური წერილით აფრთხილებს და ქურთების გენერალთან, მაზლუმ ქობანთან მოლაპარაკებებს ურჩევს.

„ნეტგაზეთი“ გთავაზობთ ტრამპის წერილის თარგმანს:

„მოდი, მოვრიდგეთ! არანაირად არ გინდა, ათასობით ადამიანის განადგურებაზე იყო პასუხისმგებელი, მე კი არ მინდა, პასუხისმგებელი ვიყო თურქეთის ეკონომიკის განადგურებაზე, მაგრამ ამას გავაკეთებ! ამის მცირე მაგალითი უკვე გაჩვენე პასტორ ბრენსონის შემთხვევაში [ამერიკელი პასტორი ბრენსონი თურქეთში 2016 წელს დააკავეს ფეტულა გიულენთან კავშირისა და გადატრიალებაში მონაწილეობის ბრალდებით, რის გამოც აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა. საბოლოოდ იგი 2018 წელს გაათავისუფლეს].

ძალიან ბევრი ვიმუშავე, შენი პრობლემების მოსაგვარებლად. მსოფლიოს იმედს ნუ გაუცრუებ. ახლა შეგიძლია, მშვენიერ შეთანხმებას მიაღწიო. გენერალი მაზლუმი [ქობანი, ქურთების გენერალი] მზადაა, მოლაპარაკებები აწარმოოს და წამოვიდეს ისეთ დათმობებზე, რაზეც წარსულში არაფრით იქნებოდა თანახმა. კონფიდენციალურად გიგზავნი მისი წერილის ასლს, რომელიც ახლახან მივიღე.

ისტორია მოწყალე იქნება შენ მიმართ, თუკი ამ საქმეს სწორად და ადამიანურად გააკეთებ. თუ არადა, ეს [მემკვიდრეობა] სამუდამოდ შენს ზურგზე იქნება. ნუ იქნები მაგარი ბიჭი. ნუ იქნები სულელი!

მოგვიანებით დაგირეკავ“.


წერილი თავდაპირველად „ფოქსის“ ჟურნალისტმა გაავრცელა. მოგვიანებით მისი ავთენტურობა თეთრმა სახლმა არაერთ გამოცემას დაუდასტურა. ტრამპის მიერ გამოყენებულმა არაფორმალურმა და უხეშმა ენამ უამრავი ადამიანი, მათ შორის პოლიტიკოსები და პოლიტიკის კომენტატორები, გააკვირვა.

ტრამპის წერილი ერდოღანს

9 ოქტომბერს თურქეთმა სამხედრო მოქმედებები დაიწყო ჩრდილოეთ სირიაში, რაც მოჰყვა აშშ-ის გადაწყვეტილებას, იქიდან ჯარები გაეყვანა. შედეგად, ქურთები და მათი შექმნილი „სირიის დემოკრატიული ძალები“, რომლებიც ISIS-სთან ბრძოლაში აშშ-ის მოკავშირეები იყვნენ, ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

თურქეთის ოფიციალური პოზიციით, სამხედრო ოპერაციის, კოდური სახელწოდებით „მშვიდობის წყარო“,  მიზანი თურქეთ-სირიის საზღვარზე 30 კმ-იანი უსაფრთხო ზონის შექმნა და ამ ზონაში სირიდან დევნილი მოსახლეობის დაბრუნებაა.

თურქეთის იერიშს და აშშ-ის უკანდახევას საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა. დაეცა თურქული ლირის კურსი, ხოლო აშშ-მა თურქეთს სანცქიები დაუწესა.

ნახეთ ასევე:

თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო შეტევა დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი