ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიაში სამხედრო ოპერაციის გამო თურქეთის თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროებს სანქციები დაუწესა. ასევე, შეერთებულმა შტატებმა საბანკო ანგარიშები და უძრავი ქონება დაუბლოკა თურქეთის თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ენერგეტიკის მინისტრებს. სანქციები დაუწესდა მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილე სულეიმან სოილუსაც.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი განკარგულება მომავალში დამატებითი სანქციების შემოღების შესაძლებლებას იძლევა.
უფრო ადრე ტრამპმა დააანონსა, რომ თურქეთთან სავაჭრო მოლაპარაკებებს შეწყვეტს და იმპორტის გადასახადს, რომელიც მაისში 25%-მდე შემცირდა, 50%-იან ნიშნულზე დააბრუნებს.
სამხედრო მოქმედებები ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა 9 ოქტომბერს დაიწყო. ოფიციალური განცხადებების თანახმად, სამხედრო ოპერაციის, კოდური სახელწოდებით „მშვიდობის წყარო“, მიზანი თურქეთ-სირიის საზღვარზე 30 კმ-იანი უსაფრთხო ზონის შექმნა და ამ ზონაში სირიდან დევნილი მოსახლეობის დაბრუნებაა.
თურქეთის იერიშს და აშშ-ის უკანდახევას მოჰყვა საერთაშორისო კრიტიკა – ქურთების მიერ შექმნილი სირიის დემოკრატიული ძალები იყო დასავლეთის მთავარი მოკავშირე ISIS-ის ტერორისტებთან ბრძოლაში, თუმცა ოფიციალური თურქეთი მათ ტერორისტულ ძალებად მიიჩნევს.