ახალი ამბები

ადვოკატთა ნაწილი ასოციაციას მოვუწოდებთ, განიხილოს კუბლაშვილის ქმედებები – მამულაშვილი

16 ოქტომბერი, 2019 • 1698
ადვოკატთა ნაწილი ასოციაციას მოვუწოდებთ, განიხილოს კუბლაშვილის ქმედებები – მამულაშვილი

ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა დღეს, 16 ოქტომბერს, პრესკონფერენცია გამართა, სადაც სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი გააკრიტიკა და ადვოკატთა ასოციაციას მოუწოდა, კუბლაშვილის საჯარო განცხადებები შეაფასოს.

თავის მხრივ, მარიამ კუბლაშვილი რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს, რომ მის წინააღმდეგ გავრცელებული განცხადებები პიარისა და რეკლამისკენაა მიმართული.

მამულაშვილი პრესკონფერენციაზე განმარტავს, რომ მასთან ერთად ამ პოზიციას რამდენიმე ადვოკატი იზიარებს. მისი სიტყვებით, გარდა იმისა, რომ კუბლაშვილის განცხადებები ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს მის რეპუტაციაზე, ასევე ცუდად მეტყველებს ადვოკატთა კორპუსის სახელზეც.

“არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული ჩემი დღევანდელი განცხადება, ეს არის ადვოკატთა კორპუსის დასაცავი პოზიცია. საუბარია მარიამ კუბლაშვილზე. პერსონალურად არ ხდება ჩვენი პოზიციის გაჟღერება, რომ ჩვენ მის წინააღმდეგ არ ვართ. შეიძლება ამ პროფესიაში ხშირად, ემოციურად გავაკეთოთ რაიმე განცხადებები და გადაცდომები დაფიქსირდეს, მაგრამ ამაზე რეაგირება იყოს.

მაგალითისთვის მოვიყვან მარიამ კუბლაშვილის ნაკლოვანებებს. კონკრეტულად, დაცვის უფლება არ გულისხმობს მხოლოდ ცალსახად კლიენტის უფლებებისა და ინტერესების დაცვას. მე არ შევდივარ მის სტრატეგიაში, მაგრამ სხვადასხვა საერთაშორისო აქტით გნასაზღვრულია, რომ ჩვენ მხოლოდ კვალიფიციური იურიდიული რჩევა უნდა მივცეთ კლიენტს და ეს უნდა გამომდინარეობდეს პრინციპების დაცვიდან. როდესაც ეს პრინციპები ირღვევა, ვიღებთ უარყოფთი შედეგს“ ,- ამბობს მამულაშვილი.

მისი თქმით, კუბლაშვილის განცხადებებს შორის ზემოხსენებულ პრინციპს არღვევს “ის ბრალდებები, რომლებიც იყო დაზარალებულის მიმართ გაჟღერებული და დაუმტკიცებელი“. მამულაშვილის თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადვოკატს უფრო მეტი ვალდებულება აკისრია, ვიდრე რომელიმე მხარის სხვა წარმომადგენელს.

გარდა ამისა, პრესკონფერენციაზე მამულაშვილი იხსენებს კუბლაშვილის სხვა განცხადებასაც, რომლითაც დაზარალებულად ცნობილი თამთა თოდაძე საეთერო დებატებში გამოიწვია.

ადვოკატი ასოციაციისგან მოითხოვს კუბლაშვილის ამ განცხადების შეფასებასაც პროფესიული ეთიკის ფარგლებში.

თავად მარიამ კუბლაშვილმა ეს განცხადება რუსთავი 2-თან საუბარში არასერიოზულად შეაფასა და თქვა:

“ძალიან არასერიოზულია ეს განცხადება და მიმართულია პიარისა და რეკლამის გაკეთებისკენ. ამ ადამიანებს უნდათ, რომ მასქიმალურად ცნობადები გახდნენ ჩემი სახელით. მე უკვე მივმართე ეთიკის კომისიას ამ საკითხზე და ისინი კანონის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას“, – ამბობს კუბლაშვილი.

ნეტგაზეთმა ასევე მიმართა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, სადაც გვითხრეს, რომ თავმჯდომარე საქართველოში არ იმყოფება, შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, როდის გაავრცელებს ორგანიზაცია საკითხთან დაკავშირებით თავის პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი