ახალი ამბები

“როდემდე უნდა გვატყუონ?“ – დევნილების პროტესტის 29-ე დღე სამინისტროსთან

14 ოქტომბერი, 2019 •
“როდემდე უნდა გვატყუონ?“ – დევნილების პროტესტის 29-ე დღე სამინისტროსთან

უკვე 29 დღეა, რაც დევნილთა ნაწილი სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავს. მათი მოთხოვნა, წინა აქციების მსგავსად, უცვლელია – ისინი სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

სამინისტროსთან შეკრებილი დევნილები სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ “დირსის“ კორპუსები ბინების მიღების მოთხოვნით პროტესტის ნიშნად დაიკავეს. მათ სამინისტროსგან ბინებით დაკმაყოფილების პირობა მიიღეს, თუმცა სანამ ეს მოხდებდა, კორპუსები, რომლებშიც ისინი შევიდნენ, შემოღობეს, მათ ტერიტორიაზე გადაადგილებას, ასევე საკვებისა და მედიკამენტების შიგნით შეტანას უზღუდავდნენ. საბოლოოდ, დაპირების სანაცვლოდ ხელისუფლებამ ისინი მშენებარე კორპუსებიდან გამოსვლაში დაიყოლია.

რა ხდებოდა სამინისტროსთან

დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროს შენობის ფოიე და შესასვლელი კარვებითა და საძილე ტომრებით თითქმის ერთი თვის წინ დაიკავეს. თავდაპირველად, ამ ადგილას პოლიცია იყო მობილიზებული, თუმცა შემდგომ დღეებში სიტუაცია შედარებით დაწყნარდა.

დღეს, 14 ოქტომბერს, მცხეთობის დღესასწაულთან დაკავშირებით (ეს დღე უქმეა), სამინისტროს კარი დაკეტილი იყო, შიგნით არავის უშვებდნენ. დევნილები ნეტგაზეთს უყვებიან, რომ კარის ჩაკეტვის გამო შენობის შიგნით მყოფ ახლობლებთან ვეღარ შედიან.

მათ გარეთ გამოსვლის უფლება აქვთ, თუმცა დაცვა უკან აღარ უშვებს. დევნილები ჰყვებიან, რომ ასე ხდება ყოველდღე, სამუშაო დღის დასასრულის შემდგომ. მათივე თქმით, ამ გარემოებას, ასევე, მცხეთობის დღესასწაულს, რომელიც დღეს აღინიშნება და უქმე დღედაა გამოცხადებული, სამინისტრო იმისთვის იყენებს, რომ მათი პროტესტი გააჭიანუროს.

დევნილების პროტესტი ჯანდაცვის სამინისტროსთან. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

“29-ე დღეა ჩვენი პროტესტის. მიუხედავად ამისა, სამინისტროდან არავინ ჩამოვიდა, განსაკუთრებით კი, მინისტრი. ამ 29 დღის განმავლობაში გვქონდა შიმშილობაც, რომელიც 7 დღეს გაგრძელდა, თუმცა მინისტრმა ჩვენთან ჩამოსვლა მაინც არ მოინდომა. 

საქმე ის არის, რომ სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გამოაქვყენა სიები. სამწუხაოდ, ამ სიებში ჩვენი აქციიდან მხოლოდ 3 ოჯხი მოხვდა. იქიდან ერთს სასამართლო სამჯერ ჰქონდა მოგებული. გამოდის, რომ ოჯახს სასამართლოს სამჯერ მოგება დასჭირდა იმისთვის,  რომ თავისი კუთვნილი ფართი მიეღო. სწორედ ამ პრინციპით არიგებენ ისინი ფართებს – ისე, როგორც გაუხარდებათ“, – უთხრა ნეტგაზეთს თენგო ცინდელიანმა.

მისი ნაამბობის მიხედვით, არსებობს კრიტერიუმების, ქულებისა და აპლიკაციების სისტემა, რომლებსაც ბენეფიციარი უნდა აკმაყოფილებდეს ბინის მიღების სურვილის შემთხვევაში. მაგალითად, უნდა იყოს ვეტერანი, ან იყოს/ჰყავდეს ონკოლოგიურად დაავადებული ოჯახის წევრი. თუმცა, როგორც თენგო ცინდელიანი გვიყვება, ამ ქულებითა და კრიტერიუმებით სამინისტრომ შექმნა ისეთი სისტემა, სადაც ძალიან ბევრ ადამიანს, მიუხედავად საჭიროებისა, ბინის მიღების შანსი არ აქვს.

თენგო ცინდელიანი, რომელსაც ხელში დევნილების შესახებ კანონის ამობეჭდილი ვერსია უჭირავს. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

“ბინების გარდა ჩვენ გვეკუთვნის შემწეობაც 200 ლარის ოდენობით. თუმცა მხოლოდ ამ თანხით ახლა არსებობა შეუძლებელია იმიტომ, რომ ლარი ყოველდღე უფასურდება.

ჩვენ ვართ 59 ოჯახი. აქედან უმეტესობა აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებსა და ქულებს, მაგრამ მიუხედვად ამისა, ისინი სიებში ვერ მოხვდნენ. ერთ-ერთი ჩვენგანი 89 წლისაა… როდემდე უნდა ელოდეს ის ბინას?“ ,- ამბობს თენგო ცინდელიანი.

ის ასევე განმარტავს, რომ “დირსის“ კორპუსის პროტესტის შემდეგ სახელმწიფომ დევნილებს 2 თვის განმავლობაში ქირა გადაუხადა, თუმცა შემდგომ შეწყვიტა. ცინდელიანი ამბობს, რომ ქირის ფულის მისაღებად ბენფიციარმა 3 თვეში ერთხელ უნდა მიმართოს სამინისტროს, უწყებამ კი თავის მხრივ უნდა დანიშნოს მონიტორინგი და ხელახლა აღირცხოს ბენფიციარის ქულები.

ამ დროს ქირის გადასახადის დაფინანსება წყდება. თენგო ცინდელიანი ამბობს, რომ ბინის მეპატრონის მიმართ დაგროვილ ვალს სახელმწიფო არ ანაზღაურებს, შესაბამისად, მათ მეპატრონეებთან პრობლემები ექმნებათ. ხშირად ეს პრობლემები მათი უსახხლკაროდ დარჩენის მიზეზი ხდება.

თენგო ცინდელიანი, რომელსაც ხელში დევნილების შესახებ კანონის ამობეჭდილი ვერსია უჭირავს. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

კიდევ ერთი დევნილი, რომელიც სამინისტროსთან პროტესტს აგრძელებს, მელანია ქათამაძეა. ის ნეტგაზეთს უყვება, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მათ საცხოვრებელი სახლით არ დააკმაყოფილებს, ბრძოლას საზღვარგარეთ გააგრძელებენ.

მოვითხოვთ ბინებში ხალხის შესახლებას, არ გვინდა არანაირი მიზეზები. ამ მიზეზებით მთავრობა მხოლოდ თავს იცავს… მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ბინებით არ დაგვაკმაყოფილებენ, ჩვენ ჩვენს სათქმლს საზღვარგარეთ გავიტანთ და მაინც მივიღებთ ფართებს. ჩვენს მიზნებს მაინც მივაღწევთ.

თუმცა, მანამდე ვთხვოთ მთვრობას, რომ მოგვაქციოს ყურადღება. მოვიდნენ, გაიზიარონ ჩვენი აზრები და მდგომარეობა, არ ვითხოვთ უმაღლესი დონის, გარემონტებულ სახლებს. თავშესაფარი გვჭირდება, რომ დროებით მაინც შევსახლდეთ და ვიცხოვროთ ქირის გარეშე. ჩვენ არ გვაქვს ქირის გადახდის საშუალება, არ გვყოფნის ეს პენსია.

მე სამინისტროს დასაქმების თხოვნითაც მივმრთე, მნიშვნელობა არ ჰქონდა ჩემთვის, რა პოზიციას შემომთავაზებდნენ, თუმცა საბოლოოდ მაინც უარი მივიღე“, – უყვება ნეტგაზეთს მალანია ქათამაძე.

რას ამბობს სამინისტრო

დღეს ჟურნალისტებთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა თქვა, რომ სამინისტროსთან შეკრებილ მოქალაქეთა უმრავლესობა თბილისში ჩაწერილი არ არის, შესბამისად, გარკვეული შეზღუდვები არსებობს:

„ჯერჯერობით აპლიკაციები შევსებული არ არის. იქ მყოფი ადამიანებს შორის არიან პირებიც, რომლებიც საერთოდ არ არიან ჩაწერილი თბილისში. შესაბამისად, კანონის ითვლაისწინებს, რომ მათ თბილისში ბინას ვერ გადავცემთ. ამისათვის გვაქვს სხვა პროექტი, რომელსაც ჰქვია – “სოფლად სახლი“, რაზეც უნდა შეავსონ განაცხადი. თუ ჩვენი თანადაფინანსებით თანხა არ ჰყოფნით, რასაც გამოვყოფთ – 17-დან 26 ათას ლარამდე, – ამატებს ბენფიციარი თანხას და ყიდულობს სახლს ქალაქგარეთ“, – ამბობს წოწკოლაური.

ამასთანავე, ჯანდაცვის სამინისტრო სტატისტიკასაც ავრცელებს. უწყება წერს, რომ თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინა გადაეცემა 686 დევნილ ოჯახს. აქედან 215 ერთოთახიანია, 143- ოროთახიანი, 305- სამოთახიანი, 23 კი – ოთხოთახიანი.

როგორც სამინისტრო აცხადებს, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ,  ჯამში, მონიტორინგის ჯგუფების მიერ გადამოწმებული 1 375 განაცხადი განიხილა. არსებული 959 ბინიდან 273 ბინის განაწილება გადავადდა, რადგან განაცხადებში მითითებული გარკვეული ინფორმაცია არ დადასტურდა და საჭიროებს დამატებით გადამოწმებას.

დარჩენილ ბინებზე დამატებითი განაცხადების მიღებას სამინისტრო 15 ოქტომბრიდან დაიწყებს და პროცესი  31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. დევნილ ოჯახებს განაცხადების შევსება ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში შეეძლებათ. როგორც უწყება ირწმუნება, რომ ბინები წლის ბოლოს განაწილდება.

“დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლებისთვის გამოყოფილი თანხები ყოველწლიურად იზრდება. 2020 წლის ბიუჯეტში ამ მიმართულებით 67 მილიონი ლარია გათვალისწინებული. თბილისის პარალელურად, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით მასშტაბური მშენებლობები მიმდინარეობს ზუგდიდში, ქუთაისსა და წყალტუბოში “, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში 282 485 დევნილი პირი და 89 970 ოჯახია რეგისტრირებული. მათგან გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილი არის 39 782 ოჯახი, ხოლო 50 188 ოჯახი განსახლების მოლოდინშია.

2018 წელს 1 406 ოჯახი განსახლდა,  მათ შორის, ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტში მცხოვრები –  337 ოჯახი. ასევე, 1 531 ოჯახს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართები კერძო საკუთრებაში გადაეცა.

ომბუდსმენი სამინისტროზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ თბილისში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით 826 ბინაა გამოსყიდული, სადაც დევნილები 2019-2020 წლებში განსახლდებიან.

ვრცლად ამ ადამიანებზე წაიკითხეთ სტატია:

“დევნილები ამ სახელმწიფოს არ ვჭირდებით” – რა ხდება “დირსის” კორპუსებთან

მასალების გადაბეჭდვის წესი