ახალი ამბები

სამინისტროში, სადაც დევნილები აქციას მართავენ, პოლიციაა მობილიზებული | მინისტრი არ ხვდება

10 ოქტომბერი, 2019 •
სამინისტროში, სადაც დევნილები აქციას მართავენ, პოლიციაა მობილიზებული | მინისტრი არ ხვდება

იძულებით გადაადგილებული პირები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში საპროტესტო აქციას მართავენ ბინების გადაცემის მოთხოვნით და მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ. მინისტრი მათ არ ხვდება. ამჟმად სამინისტროში პოლიციაა მობილიზებული.

როგორც „ნეტგაზეთს“ აქტივისტმა, კახა კვეკვესკირმა — რომელიც ახლაც სამინისტროში იმყოფება — აცნობა, 30-მდე ადამიანი, რომელიც მინისტრთან, ეკა ტიკარაძესთან შეხვედრას ითხოვს, დიდუბეში სამინისტროს შენობის ფოიეში იმყოფება. კვეკვესკირის ცნობით, იქ ახლა პოლიციაა მობილიზებული და შიგნით არავის უშვებს, მათ შორის არც ჟურნალისტებს.

„მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნა აქვს ამ ხალხს, ის კი შეგნებულად აიგნორებს“, — ამბობს კვეკვესკირი. „ნეტგაზეთს“ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მინისტრი ტიკარაძე მათთან შეხვედრას არ აპირებს.

სამინისტროში ახლა იგივე ადამიანები არიან, რომლებმაც 2019 წლის აპრილში სამშენებლო კომპანია „დირსის“ მშენებარე კორპუსი დაიკავეს. კვეკვესკირის ცნობით, საერთო ჯამში, საუბარია დაახლოებით 150-მდე ადამიანზე, 30-მდე ოჯახზე, რომლებიც საცხოვრისს ითხოვენ.

კვეკვესკირის ცნობით, აპრილში „დირსის“ დაკავების შემდეგ ამ ადამიანებმა დაპირებები მიიღეს, თუმცა დაპირების 6-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ პროტესტი განაახლეს. მისი ცნობით, ხელახალი აქციები 24-ე დღეა მიმდინარეობს. „იმ შემართებით არიან, რომ არ გავლენ აქედან, სანამ არ დააკმაყოფილებენ კუთვნილი ფართით… ეს ის ხალხია, ვისაც მართლა არ გააჩნია საცხოვრებელი ფართი, ეკუთვნით და არ აძლევენ“, — ამბობს იგი.

ნეტგაზეთმა სამინისტროს პრესსამსახურს ჰკითხა, განიხილება თუ არა უახლოეს მომავალში მათი ბინებით დაკმაყოფილება, რაზეც გვიპასუხეს: „კომისია მუშაობს, განხილვები უკვე დასასრულისკენ მიდის და შედეგები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი“.

ამ ადამიანების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ:

“დევნილები ამ სახელმწიფოს არ ვჭირდებით” – რა ხდება “დირსის” კორპუსებთან

მასალების გადაბეჭდვის წესი