შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რის საფუძველზე არ შემოუშვეს 11 ოქტომბერს საქართველოში სომხეთიდან სამი ჟურნალისტი — იური მანველიანი, ტიგრან ხაჩატურიანი და ტიგრან აკოპიანი.
შსს-მ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთასთან დაკავშირებულ საკითხებს ზოგადად არეგულირებს საქართველოს კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ და „სწორედ ამ კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე საზღვრის გადმოკვეთაზე უარი ეთქვათ ამ პირებს“.
სომხური გამოცემა Epress.am-ი წერს, რომ მათ სამ ჟურნალისტს 11 ოქტომბერს სომხეთ-საქართველოს საზღვარზე უთხრეს, რომ საქართველოში მათი მუშაობა „არასასურველია“ და ქვეყანაში არ შეუშვეს. შსს-მ დაგვიდასტურა, რომ ისინი ქვეყანაში არ შემოუშვიათ, თუმცა სხვა დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ.
ქვეყანაში არშემოშვების მიზეზად შსს-ს მიერ დასახელებული კანონის მე-11 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი კანონშივე დაუზუსტებელია: ის არშემოშვებისთვის „სხვა“ საფუძველს გულისხმობს. იქ არ არის დაკონკრეტებული, თუ რა შეიძლება ეს „სხვა საფუძველი“ იყოს.
მუხლი 11, პუნქტი 1
1. უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას:
ა) თუ მას არ აქვს საქართველოში შემოსვლისათვის აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები;
ბ) თუ მას აკრძალული აქვს საქართველოში შემოსვლა ან არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც დაწესებულია საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის;
გ) თუ მან საქართველოს ვიზის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად არასრული ან ყალბი მონაცემები ან დოკუმენტები წარადგინა;
დ) თუ მას არ აქვს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა ან საქართველოში ცხოვრებისათვის და უკან დასაბრუნებლად საკმარისი ფინანსური სახსრები;
ე) თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას;
ვ) თუ, საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა;
ზ) თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ კანონიერი საფუძვლის გარეშე დარჩება საქართველოში;
თ) თუ იგი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ;
ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
კანონის ამ ქვეპუნქტის გამოყენების პრაქტიკა არაერთხელ აქვთ გაკრიტიკებული არასამთავრობო ორგანიზაციებს. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) წერს, რომ აღნიშნული ნორმის, როგორც მითითებითი (ბლანკეტური) ნორმის, გამოყენების სტანდარტი მოითხოვს, რომ ამ კანონის მე-11 მუხლის გარდა, უნდა არსებობდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც უცხოელ პირს საქართველოში შემოსვლის უფლება შეეზღუდება.
„აქედან გამომდინარე, შემოსვლაზე უარის საფუძვლად დასახელებული ნორმა ცალკე აღებული არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს და მისი გამოყენებისთვის საჭიროა არსებობდეს კანონმდებლობით განსაზღვრული კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ინდივიდი საზღვრის გადმოკვეთის შეზღუდვას დაექვემდებარება“.
თუმცა, ამის მიუხედავად, EMC-ის თანახმად, კანონის ეს ქვეპუნქტი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ სხვადასხვა საქმეებში გამოიყენება, როგორც საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის დამოუკიდებელი საფუძველი, რომელიმე სხვა საკანონმდებლო აქტზე მიუთითებლად, რაც „შსს-ს შესაძლებლობას აძლევს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე აუკრძალოს პირს ქვეყანაში შემოსვლა“.
როგორც თავად ჟურნალისტები — იური მანველიანი, ტიგრან ხაჩატურიანი და ტიგრან აკოპიანი — აცხადებენ, მას შემდეგ, რაც მესაზღვრეებმა გაიგეს, რომ ჟურნალისტები იყვნენ, რამდენიმე საათით დააყოვნეს, შემდეგ კი საერთოდ უარი უთხრეს ქვეყანაში შეშვებაზე.
ისინი ნინოწმინდა-ბავრის პუნქტით კვეთდნენ საზღვარს. მათი მონათხრობის თანახმად, მათ რამდენჯერმე აუხსნეს სხვადასხვა ქართველ მესაზღვრეს, რომ ადგილობრივ ჟურნალისტებთან, ადამიანის უფლებების აქტივისტებთან და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან ინტერვიუებისთვის მიდიოდნენ ახალციხეში, ახალქალაქსა და თბილისში.
ინტერვიუები, მათ თანახმადვე, დაგეგმილი იყო გამოცემა Newcaucasus.com-ისა და Epress.am-ის საერთო პროექტის ფარგლებში, რომელიც „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ (IWPR) მხარდაჭერით ხორციელდება. IWPR-ი წლებია, საქართველოში საქმიანობს.
ჟურნალისტების თანახმად, მესაზღვრეებს ოფიციალურად არ განუმარტავთ, რის გამო ეუბნებოდნენ უარს შეშვებაზე და უბრალოდ უთხრეს, რომ „ინტერვიუებისთვის აკრედიტაციაა საჭირო“.
ამის შემდეგ, რეპორტიორების თქმით, ბარგი შეუმოწმეს, რის შემდეგაც განუცხადეს, რომ სამოყვარულო კამერის, შტატივისა და ლეპტოპის გადატანა არ შეიძლებოდა; როდესაც უპასუხეს, რომ სულ რამდენიმე თვის წინაც იმყოფებოდნენ საქართველოში და მსგავსი პრობლემა არ შეჰქმნიათ, ერთ-ერთმა მესაზღვრემ მიუგო: „სიტუაცია შეიცვალა“.
ამის შემდეგ მათ უთხრეს, რომ ტექნიკა სომხურ მხარეს დაეტოვებინათ და ხელახლა, ამჯერად ტექნიკის გარეშე წამოსულიყვნენ. ასეც მოიქცნენ, თუმცა როდესაც ისევ მოადგნენ ქართულ მხარეს, იმ მესაზღვრემ, რომელმაც „სიტუაცია შეიცვალაო“, უპასუხა, ახლა აგრესიულად უთხრა:
„ვერ გაიგეთ, რომ თქვენ არ გიშვებენ საქართველოში“?
ამის შემდეგ გამოცემა Epress-ი ასე გადმოსცემს დიალოგს მესაზღვრესა და ჟურნალისტებს შორის:
— „ჩვენ დავტოვეთ ტექნიკა [სომხურ მხარეს]“…
— „მაგრამ მე ვიცი, რომ თქვენ აკრედიტაცია არა გაქვთ“
— „რის საფუძველზე გვიკრძალავთ შესვლას“?
— „ცუდად გესმით? არ გიშვებენ. ხელმძღვანელს, რომელმაც გადაწვიტა, არ შეეშვით, გადაწყვეტილება არ შეუცვლია“
— „რომელ ხელმძღვანელს“?
— „თქვენი მუშაობა არასურველია, თქვენ გეკრძალებათ ჟურნალისტური საქმიანობა საქართველოში. არ შეგიშვებენ“.
გარეკანის ფოტოზე: იური მანველიანი