ახალი ამბები

პრეცედენტული გადაწყვეტილება კობიაშვილის საქმეზე

11 ოქტომბერი, 2019 •
პრეცედენტული გადაწყვეტილება კობიაშვილის საქმეზე

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული არჩილ კობიაშვილი გაამართლა.

კობიაშვილის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, ეს არის პირველი პრეცედენტი საქართველოში, როდესაც ევროსასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენი გადაიხედა და კობიაშვილი, რომელმაც 6-წლიანი სასჯელი მოიხადა, გამართლდა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კობიაშვილის უფლებებს ლია მუხაშავრია იცავდა.

“ჩვენმა სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. არ ვიცი, დასაბუთებაში რა ჩაწერა, როგორ მივიდა ამ დასკვნამდე, მაგრამ ეს არის პირველი პრეცედენტი. სხვებსაც მოუგიათ ევროსასამართლოში საქმე, მაგრამ მერე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გადასინჯულიყო საქმე და გამამტყუნებელი განაჩენი შეცვლილიყო გამამართლებლით, ეს პირველი შემთხევევაა. სხვა საქმეებში ადგილობრივი სასამართლო იხილავდა საქმეს და ამბობდა, გამამტყუნებელი განაჩენი დარჩეს ძალაშიო”, – განუცხადა მუხაშავრიამ “ნეტგაზეთს”.

არჩილ კობიაშვილი, გლდანი-ნაძალადევის საოლქო სასამართლოს განაჩენით, 2005 წლის 18 აპრილს დამნაშავედ ცნეს ჰეროინის შეძენასა და შენახვაში და სასჯელის სახით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
მის მსჯავრდებას საფუძვლად დაედო პოლიციის შესაბამისი ოქმი ჩხრეკის თაობაზე, პოლიციის იმ ორი ოფიცრის ჩვენება, რომლებმაც ჩაატარეს ჩხრეკა და ორი თვითმხილველის ჩვენება, რომლებიც სავარაუდოდ შეესწრნენ აღნიშნულ ფაქტს. თუმცა მომჩივანი მთელი სამართალწარმოების განმავლობაში აღნიშნავდა, რომ ის
არ გაუჩხრეკიათ არც დაკავებამდე და არც დაკავების მერე და ნივთიერება, რომელიც მას აღმოუჩინეს, პოლიციის მიერ უნდა ყოფილიყო ჩადებული.

2006 წლის 21 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გლდანი-ნაძალადევის საოლქო სასამართლოს განაჩენი, 2006 წლის 12 ივნისს კი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიმდინარე წლის 14 მარტს დაადგინა, რომ არჩილ კობიაშილის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი – სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება და საქართველოს სახელმწიფოს კობიაშვილის არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 3 500 ევროს გადახდა დააკისრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი