თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ საკრებულოს წევრის, „ქართული ოცნების“ დეპუტატ ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო 11 ოქტომბერს იმსჯელებს. პროცესი 12:30 საათზეა ჩანიშნული.
ჯიშკარიანს ბრალი ედება თანამშრომლის, თამთა თოდაძის მიმართ სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში.
ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე პროკურატურამ სასამართლოს 10 ოქტომბერს მიმართა. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას/გირაოს შეფარდებას მოითხოვს თუ არა პროკურატურა.
თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინა. მას თანამშრომლის, თამთა თოდაძის მიმართ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას და ცემას ედავებიან (სსსკ-ის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით).
როგორ თამთა თოდაძე ჰყვება, ილია ჯიშკარიანმა ნასვამ მდგომარეობაში მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა, მას შემდეგ კი, რაც ქალმა წინააღმდეგობა გაუწია, დეპუტატი ფიზიკურად გაუსწორდა.
ჯიშკარიანი ბრალს არ აღიარებს და „ცრუ ბრალდებას“ უწოდებს.