შვედურმა აკადემიამ ლიტერატურაის დარგში 2018 და 2019 წლების ნობელიის პრემიის ლაურეატები გამოაცხადა.
აკადემიის გადაწყვეტილებით, 2018 წლის ლაურეატი პოლონელი ავტორი ოლგა ტოკარჩუკი გახდა, ხოლო 2019 წლის პრიზი ავსტრიელ ავტორს, პიტერ ჰანდკეს ერგო.
ოლგა ტოკარჩუკი 1962 წელს პოლონეთში დაიბადა და ამჟამად ვროცლავში ცხოვრობს. მისი დებიუტი შედგა 1993 წელს წიგნით „ხალხ-წიგნის თავგადასავალი“. ცნობადობა 1996 წელს მოუტანა მესამე რომანმა „პირველყოფილობის ხანა და სხვა ეპოქები“, ხოლო მის magnum opus-ად მიიჩნევენ ისტორიულ ნოველას „იაკუბის წიგნები“ (2014).
პიტერ ჰანდკე 1942 წელს სამხრეთ ავსტრიის სოფელ გრიფენში დაიბადა. აქვე დაიბადა დედამისი მარიაც, რომელიც ეთნიკურად სლოვენიელი იყო. ჰანდკეს სადებიუტო ნოველა „ონავარი“ 1966 წელს, ხოლო „პუბლიკის შეურაცხყოფა“ 1969 წელს გამოქვეყნდა. შვედური აკადემია წერს, რომ „დაახლოებით ორმოცდაათი წლის განმავლობაში პიტერ ჰანდკემ სხვადასხვა ჟანრის არაერთი ნამუშევარი შექმნა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ავტორი გახდა ევროპაში“.
წინა წელს აკადემიას არ გაუცია ნობელის პრემია ლიტერატურაში. ამის მიზეზი იყო ჟან კლოდ არნოლტი, შვედი მსახიობი, რომელიც სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა. იგი ხელმძღვანელობდა ფინანსურ ცენტრს, რომელიც აკადემიას ეხმარებოდა. არნოლტი აკადემიის სხვა წევრის, პოეტ კატარინა ფროსტენსონის მეუღლეა. 2016 წელს გაზეთმა „Dagens Nyheter“-მა დაწერა, რომ 18 ქალი ადანაშაულებდა არნოლტს სექსუალურ შევიწროებაში. გარდა ამისა, არნოლტს ადანაშაულებდნენ აკადემიის წესების დარღვევაშიც – შვედური მედია წერს, რომ არნოლტი გამარჯვებული ლაურატების ვინაობას ოფიციალურ გამოცხადებამდე ამჟღავნებდა.
აკადემიის დროებითმა მდივანმა ანდრეს ოლსონმა თქვა, რომ შემდეგი ლაურეატის არჩევამდე ორგანიზაციას სჭირდებოდა საზოგადოებრივი ნდობის აღდგენა. პრემიის გაცემის გადავადება, მისი თქმით, გამოწვეული იყო „წინა და მომავალი ლაურეატების, ნობელის ფონდის და საზოგადოების პატივისცემის გამო“.