ახალი ამბები

ნობელის პრემია ლიტერატურაში ნორვეგიელ ავტორს, იუნ ფოსეს გადაეცა

5 ოქტომბერი, 2023 • 1003
ნობელის პრემია ლიტერატურაში ნორვეგიელ ავტორს, იუნ ფოსეს გადაეცა

ნობელის პრემია ლიტერატურაში ნორვეგიელ ავტორს, იუნ ფოსეს ინოვაციური პიესებისა და პროზისთვის გადაეცა.

ფოსეს ნაშრომები არაერთ ჟანრს მოიცავს, მათ შორის არაერთ პიესას, ნოველას, პოეზიის კრებულებს, ესეიებსა და საბავშვო ნაწარმოებებს. პარალელურად, ნორვეგიელი მწერალი  მთარგმნელობით საქმიანობასაც ახორციელებს.

ნობელის კომიტეტის თავმჯდომარე იუნ ფოსეზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მისი ნაშრომები მსოფლიოში ყველაზე ხშირად დადგმულ პიესებს შორისაა. ამასთან, აღსანიშნავია მწერლის ნოველებიც, მათ შორის 1983 წელს გამოქვეყნებული პროზაული ნაწარმოები „წითელი, შავი“, რომელშიც გახმიანებული თემატიკა და ტონი მწერლის მთელ შემოქმედებას გასდევს. მსოფლიო აღიარება კი ფოსეს 1999 წელს მოუტანა პარიზში დადგმულმა პიესამ, სახელწოდებით „ვიღაც უნდა მოვიდეს“.

ფოსეს პიესებს შორის, რომლებიც ამერიკასა და ევროპაში დაიდგა, ასევე არის „სახელი“, „ოცნება შემოდგომაზე“ და „მე ვარ ქარი“.

ქართველმა მაყურებელმა იუნ ფოსე „მკვდარი ძაღლებით“ გაიცნო, რომელიც 2022 წელს დაიდგა სამეფო უბნის თეატრში.

ფოსე მეოთხე ნორვეგიელი ავტორია, რომელმაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიიღო, თუმცა, პირველი – თითქმის საუკუნიანი წყვეტის შემდეგ. ბოლოს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია ნორვეგიელმა ავტორმა 1928 წელს მიიღო, როცა ჯილდო სიგრიდ უნსეტს გადაეცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი