ახალი ამბები

ნობელის მშვიდობის პრემია უკრაინულ და რუსულ ორგანიზაციებსა და ბელარუსელ აქტივისტს გადაეცათ

7 ოქტომბერი, 2022 • 590
ნობელის მშვიდობის პრემია უკრაინულ და რუსულ ორგანიზაციებსა და ბელარუსელ აქტივისტს გადაეცათ

ნობელის მშვიდობის პრემია წელს ერთდროულად მიიღეს უკრაინულმა ორგანიზაცია „სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრმა“, რუსულმა ადამიანის უფლებათა ორგანიზაციამ „მემორიალმა“ და ადამიანის უფლებათა ადვოკატმა, ბელარუსელმა ალეს ბიალიაცკიმ.

გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

ალეს ბიალიცკი ერთ-ერთი ინიციატორი იყო დემოკრატიული მოძრაობისა, რომელიც ბელარუსში 1980-იან წლებში გააქტიურდა. ნობელის კომიტეტის თანახმად, მან „თავისი ცხოვრება მიუძღვნა დემოკრატიის პოპულარიზაციას და მშვიდობიან განვითარებას საკუთარ სამშობლოში“. იგი 1996 წლიდან ხელმძღვანელობს ორგანიზაცია „ვიასნას“ („გაზაფხულს“).

„მემორიალი“ 1987 წელს დაფუძნდა საბჭოთა კავშირში. სსრკ-ის დანგრევის შემდეგ რუსეთის უდიდეს არასამთავრობო ორგანიზაციად იქცა. მისი წარმომადგენლები აგროვებდნენ დოკუმენტაციას სტალინისტური ეპოქის მსხვერპლებზე; მოგვიანებით კი მოიპოვებდნენ ინფორმაციას პოლიტიკურ და ადამიანის უფლებების დამცველების დევნაზე რუსეთში. „მემორიალი“ დროთა განმავლობაში ყველაზე ავტორიტეტული წყარო გახდა რუსეთში პოლიტიკური პატიმრების შესახებ ინფორმაციის მოძიებისას.

 


შარშან ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მიიღეს ჟურნალისტებმა, ფილიპინელ-ამერიკელმა მარია რესამ და რუსმა დიმიტრი მურადოვმა („ნოვაია გაზეტა“).

მასალების გადაბეჭდვის წესი