ახალი ამბები

ნობელის პრემია პატიმრობაში მყოფ ირანელ უფლებადამცველს გადაეცა

6 ოქტომბერი, 2023 • 1004
ნობელის პრემია პატიმრობაში მყოფ ირანელ უფლებადამცველს გადაეცა

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში გადაეცა პატიმრობაში მყოფ ირანელ უფლებადამცველს, ნარგეს მოჰამადის ირანში ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ გაწეული ღვაწლისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხარდაჭერისთვის.

ნარგეს მოჰამადი 2011 წლის შემდეგ არაერთხელ დააკავეს. ის ამჟამადაც პატიმრობაში იმყოფება „პროპაგანდის გავრცელების“ ბრალდებით.

ნარგეს მოჰამადისთვის აღნიშნული პრემიის  გადაცემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ირანში მიმდინარე პროტესტის ფონზე, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც 2022 წლის სექტემბერში ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული მაჰსა ამინი რამდენიმედღიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა.  ის დედაქალაქ თეირანში, თავის ძმასთან ერთად იყო, როცა ე.წ. მორალის პოლიციამ დააკავა სავალდებულო ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებით კანონის დარღვევის ბრალდებით.

ნობელის კომიტეტი აღნიშნავს, რომ დემონსტრაციებზე გამოყენებული სლოგანი „ქალი — სიცოცხლე — თავისუფლება“ ზუსტად გამოხატავს ნარგეს მოჰამადის ბრძოლას სისტემური დისკრიმინაციის და ჩაგვრის წინააღმდეგ.

ნარგეს მოჰამადი ირანის რეჟიმმა 13- ჯერ დააკავა და 5 საქმეზე მიუსაჯა პატიმრობა, ჯამში, 31 წლით. ის ამ დროისთვისაც საპატიმროში იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი