„რა თქმა უნდა, პატივს ვცემ [ხელისუფლების] სასამართლო შტოს როლს. თუმცა, კიდევ ერთხელ, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში არ არსებობდეს ბარიერები მედიამრავალფეროვნებისა და პლურალიზმისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ [გამოძიების] შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ჰარლემ დეზირიმ, ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში. “ნეტგაზეთმა” მას ჰკითხა, როგორ აფასებს „რუსთავი 2“-ის, „მთავარი არხის“, „ტვ პირველის“ , „აჭარის ტელევიზიის“ და “გაზეთ „ბათუმელების“ საქმეებს და საქართველოში არსებულ მედიაგარემოს:
“არ უნდა იყოს არანაირი გავლენა, რომლის შედეგადაც დაიხურება რომელიმე ტელევიზია ან მედიაპროექტი და აქ არის პრობლემა. ყველა ამ საქმის განვითარებას დიდი ყურადღებით დავაკვირდებით“.
“ნეტგაზეთმა” ჰარლემ დეზირის კითხვები თბილისში დაუსვა. ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითებში ესწრება თბილისში 9-10 ოქტომბერს მიმდინარე კონფერენციას, რომელიც ეუთოს ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება. [„ცვალებად გარემოში მედიის თავისუფლების და ჟურნალისტთა უსაფრთხოების გაძლიერება].
„კონფერენციის საკითხი ზუსტად ეს იყო [რასაც მეკითხებით]. საქართველო არის ქვეყანა მრავალი მედიასაშუალებით, რომელიც იძლევა მაგალითებს ძალიან კარგი კანონმდებლობით. თუმცა არსებობს გარკვეული პრობლემებიც – მაგალითად, ჟურნალისტთა უსაფრთხოება 20 ივნისის დემონსტრაციების დროს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხის გამოძიება მოხდეს. ვიცი, რომ სამართალდამცავი ორგანოების 10 წარმომადგენლის ქმედებებზე გამოძიება მიმდინარეობს. აგრეთვე, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვადევნებთ თვალს სიტუაციის განვითარებას „რუსთავი 2“-ის მფლობელის ცვლილებასთან დაკავშირებით, ადამიანთა უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ პირობებში მედიამრავალფეროვნება დაცული იყოს და „რუსთავი 2“-ის ყოფილი ჟურნალისტების მიერ დაწყებულ პროექტს ჰქონდეს საშალება განვითარდეს პოლიტიკური ჩარევის გარეშე. რა თქმა უნდა, სიტუაცია განსხვავებულია რეგიონის სხვა ქვეყნებში. სომხეთში თვალს ვადევნებთ საკმაოდ პოზიტიურ ევოლუციას ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ, ვმუშაობთ ხელისუფლებასთან მედიის თავისუფლების დაცვისთვის. აზერბაიჯანში შეინიშნება ბევრი პრობლემა – არსებობს არაერთი აკრძალვა და, სამწუხაროდ, რამდენიმე ჟურნალისტი დაპატიმრებულია და სისხლის სამართლის დევნის ქვეშ იმყოფება“, – აღნიშნავს ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითებში.
მისი თქმით, შეხვედრები ჰქონდა ქართველ პოლიტიკოსებთანაც: „მქონდა ოფიციალური შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრთან და რესპუბლიკის პრეზიდენტთან. განვიხილეთ ყველა ეს საკითხი და ჩვენი თანამშრომლობა“.