ახალი ამბები

თქვენ ჩვენზე უკეთესად იცით, რა მოხდა რეალურად – მაკო გომური თადუმაძეს

9 ოქტომბერი, 2019 •
თქვენ ჩვენზე უკეთესად იცით, რა მოხდა რეალურად – მაკო გომური თადუმაძეს

მაკო გომური, რომელმაც 20 ივნისის აქციის დარბევის დროს თვალი დაკარგა, შალვა თადუმაძის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც მთავარი პროკურორი დაზარალებულებზე საუბრობს. როგორც მაკო გომური წერს, მტკიცებულებები საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭონ.

“მეზიზღება ეს ვიდეო და კიდევ ის, სასწრაფოს მანქანაში რომ ვარ, მაგრამ ახლა მეორედ ისევ ვუყურე, იქნებ მე არ ვარ-თქო, მაგრამ ფაქტია, მე ვარ;
ახლა ვიტყვი ერთ რამეს (ჩემი გადმოსახედიდან,რა თქმა უნდა), ვიდეოში ჩანს, რომ მხვდება ტყვია,არის კიდევ ერთი ვიდეო-სასწრაფოს მანქანამდე მიყვანის და ერთიც-უკვე სასწრაფოს მანქანაში.
სამივეში ჩანს, რომ მე ვარ.მე.
არსებობს სასწრაფოს (საავადმყოფოს) დასკვნა, სადაც წერია, საიდან და რა მდგომარეობაში მოვხვდი საავადმყოფოში.
არსებობს ერთიც (ნელმოქმედი), ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც უნდა აღბეჭდოს ყველაფერი.
ეს ყველაფერი უნდა იყოს საკმარისი.
მაგრამ
მაგრამ
მაგრამ
ეს ყველაფერი არ ყოფილა საკმარისი, როგორც ამბობს შალვა. (რეალირად არც არაფერი უთქვამს ,გარდა ორისა-“ამ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს” ან “პოლიტიკური ხაზი მიგყავთ;
ჩვენ გვჭირდება ვიპოვოთ 7 მილიარდი სპეცრაზმელიდან ის ერთი, რომელმაც არაფრის გამო მესროლა;
ანუ ვეძებთ ნემსს თივის ზვინში (თუმცა ისეთი მონდომებით რომ იძიებდნენ ჩვენს საქმეს, როგორც დაზარალებული პოლიციელების, არც ესაა შეუძლებელი)
ან შეიძლება ნემსს ნემსის ზვინში; არ აქვს მნიშვნელობა.
მე ვიცი ,რა მოხდა რეალურად, ასიათასობით ადამიანმა იცის და თქვენ ჩვენზე უკეთესად იცით.

შეცდომას შეცდომებზე მეც კი აღარ ვუშვებ, გამოვედი მაგ ასაკიდან, იქნებ თქვენც რამენაირად მოახერხოთ,”-წერს მაკო გომური Facebook-ზე.

“ის, რომ 67 პოლიციელია დაზარალებულად ცნობილი და 4 მოქალაქე, ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, არაფერს ამბობს”, – ეს განცხადება დღეს, 9 ოქტომბერს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას შალვა თადუმაძემ გააკეთა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კონკურსში მონაწილეობს.

“დაზარალებულები და ბრალდებულები თვლით არ არის, არის მტკიცებულებით. მტკიცებულება სტანდარტით არის, როდესაც ეს სტანდარტი იქნება, მაშინ იქნებიან დაზარალებულებიც და ბრალდებულებიც”, – განაცხადა თადუმაძემ.

მისი თქმით, გამოძიებას უჭირს იმ პოლიციელების იდენტიფიცირება, ვისაც სავარაუდოდ კანონდარღვევა აქვთ ჩადენილი, რადგან ისინი სპეციალური საშუალბებით იყვნენ აღჭურვილნი.

20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ დღემდე დაზარალებულად ცნობილია მხოლოდ 4 სამოქალაქო პირი, მათ შორის არ არიან მაკო გომური და გიორგი სულაშვილი, რომლებმაც ამ დღეს თვალი დაკარგეს, თუმცა დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა 67 პოლიციელს.

20 ივნისს დაშავებულები, რომლებსაც დაზარალებულის სტატუსი არ აქვთ

მასალების გადაბეჭდვის წესი