ახალი ამბები

20 ივნისს დაშავებულები, რომლებსაც დაზარალებულის სტატუსი არ აქვთ

8 ოქტომბერი, 2019 • 4393
20 ივნისს დაშავებულები, რომლებსაც დაზარალებულის სტატუსი არ აქვთ

20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ დღემდე დაზარალებულად ცნობილია მხოლოდ 4 სამოქალაქო პირი, მათ შორის არ არიან მაკო გომური და გიორგი სულაშვილი, რომლებმაც ამ დღეს თვალი დაკარგეს, თუმცა დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა 67 პოლიციელს.

“ნეტგაზეთი” გთავაზობთ იმ პირების არასრულ ჩამონათქვალს, რომლებმაც 20 ივნისის აქციის დარბევისას დაზიანებები მიიღეს, თუმცა დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვთ:

მაკო გომური

მაკო გომურმა 20 ივნისის აქციის დარბევის დროს თვალი დაკარგა. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეზე გამოძიება 3 თვეზე მეტია მიმდინარეობს, ის დაზარალებულად ცნობილი ამ დრომდე არაა.

ამ ინფორმაციას ადასტურებს პრემიერი, გიორგი გახარიაც, რომელიც ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს:

“დაზარალებულად ცნობას აქვს თავისი პროცედურები და, როგორც ვიცი, მაკო გომურთან მიმართებით ეს პროცედურები მიმდინარეობს. როგორც კი დასრულდება, ის იქნება დაზარალებულად ცნობილი“, – ამბობს გახარია.

გიორგი სულაშვილი

გიორგი სულაშვილი. სქრინშოთი რუსთავი2-ის ვიდეოდან

გიორგი სულაშვილმა მაკო გომურის მსგავსაც, აქციის დარბევისას თვალი დაკარგა. თუმცა პროკრუატურას დაზარალებულად ამ დრომდე არც ის უცვნია. გიორგი სულაშვილს ამ ფაქტზე კომენტარის გაკეთება უჭირს და ამბობს, რომ საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია.

თამარ ბაღაშვილი

აქციის დარბევის დროს დაზიანებები მიიღო ჟურნალისტმა თამარ ბაღაშვილმა. მას რეზინის ტყვია თავსა და მკლავის არეში მოხვდა.

ბაღაშვილი “ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ არ უკვირს, რადგან როგორც გაიგო, დაზარალებულის სტატუსი მას კი არა, მაკო გაომურს არ აქვს, რომელმაც დარბევისას თვალი დაკარგა. ბაღაშვილის თქმით, სასამართლოს გზით შეეცდება თავისი უფლებების დაცვას.

გურამ მურადოვი

დაზარალებულის სტატუსი არც ფოტოგრაფ გურამ მურადოვს აქვს, რომელიც 20 ივნისის დარბევისას რეზინის ტყვიებით დაშავდა.

გურამ მურადოვს, ინტერგამოცემა Civil.ge-ს ფოტოგრაფს, 20 ივნისის აქციისა და დარბევის გაშუქებისას რეზინის 11 ტყვია მოხვდა.

ირაკლი ხვადაგიანი

დაზარალებურად ცნობილი არც მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანია, რომელიც 20 ივნისს აქციაზე დააკავეს, რა დროსაც მისი თქმით, ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. ამის შესახებ ხვადაგიანმა “ნეტგაზეთს” თავად განუცხადა. ხვადაგიანს დაკავების შემდეგ სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა.

როგორც „სოვლაბის“ მკვლევარი ამბობს, აქციის დროს დაზარალებულებისთვის სტატუსის არმინიჭებით ხელისუფლება მომხდარისთვის მისთვის სასურველი ინტერპრეტაციის შექმნას ცდილობს:

“გასაგებია, რომ არ ჩქარობს რეჟიმი, დაზარალებულებს მისცეს საშუალება, კანონიერი პროცედურებით გააგრძელონ მოქმედება. ასევე, მათ მიერ შემუშავებულ „ვერსიას“ პოლიციელებზე აქცენტი სჭირდება, რომელთაც „სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთეს“, რომელ სცენარშიც მასობროვად ნაცემი და დასახიჩრებული მშვიდობიანი მოქალაქეები ვერ თავსდებიან”, – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმდჯომარის, სულხან სალაძის თქმით, ის ფაქტი, რომ 20-21 ივნისის ღამეს 187 დაშავებული სამოქალაქო პირიდან მხოლოდ 4-ს აქვს დაზარალებულის სტატუსი, შესაძლოა, მეტყველებდეს იმაზე, რომ გამოძიებას უბრალოდ არ უნდა მათთვის სტატუსის მინიჭება.

სალაძე განმარტავს, რომ სტატუსის მინიჭებით ადამიანებს გამოძიების მასალების ნახვის საშუალება ეძლევათ, ეს კი ხელისუფლებას, შესაძლოა, დამატებით უხერხულობას უქმნიდეს.

“ჩვენ ამ ეტაპზე ვმუშაობთ კვლევაზე, რომელსაც ნოემბერში გამოვაქვეყნებთ. თუმცა შეგვიძლია უკვე გარკვეულ ციფრებზე ვისაუბროთ. ოფიციალური ინფორმციით, რაც მიღებული გვაქვს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებიდან, 20-21 ივნისის ღამეს 275-მა პირმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, 187 იყო სამოქალაქო პირი, 73 იყო შსს-ს თანამშრომელი, ჟურნალისტი იყო 15. თუმცა ეს რიცხვი, ვიცი, რომ ბევრად უფრო დიდი იყო. აქ საინტერესო ის არის, რომ როდესაც 73 სამართალდამცველზე საუბრობს შესაბამისი ორგანო, რომ მათ მიიღეს ჯანრმთელობის დაზიანება, ჩვენი ინფორმაციით, მათგან 67 პირი არის დაზარალებულად ცნობილი. სტატისტიკას თუ შევხედავთ, სამართალდამცველების დაახლოებით 90%  დღეს დაზარალებულად უკვე ცნობილია. მაშინ, როდესაც 187 სამოქალაქო პირიდან (და აქ არ შედის, როგორც გითხარით, მედიის წარმომადგენლები) ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ 4 პირი არის დაზარალებულად ცნობილი“,- ამბობს სალაძე.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი