ახალი ამბები

“#MeToo საქართველოშიც. არ ვიქნებით ტოლერანტულები” – ზურაბიშვილი თოდაძის საქმეზე

8 ოქტომბერი, 2019 • 1059
“#MeToo საქართველოშიც. არ ვიქნებით ტოლერანტულები” – ზურაბიშვილი თოდაძის საქმეზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის საკრებულოს წევრის მიერ თანაშემწის სავარაუდო სექსუალური შევიწროების საქმეს Twitter-ზე ეხმაურება.

“#MeToo საქართველოშიც. თბილისის საკრებულოს წევრის მიმართ საკუთარი თანაშემწის სავარაუდოდ სექსუალური შევიწროების ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს. არ ვიქნებით ტოლერანტულები”, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.


თამთა თოდაძემ რამდენიმე დღის წინ “ქართული ოცნების“ დეპუტატი და საკრებულოს წევრი ილია ჯიშკარიანი სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. თოდაძე დეპუტატის თანამშრომელი იყო.

როგორ ის ჰყვება, ილია ჯიშკარიანმა ნასვამ მდგომარეობაში მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა, მას შემდეგ კი, რაც ქალმა წინააღმდეგობა გაუწია, დეპუტატი ფიზიკურად გაუსწორდა:

“სექსუალურად შეეცადა ჩემზე ძალადობას. როცა შევეცადე, გავქცეოდი ამ ყველაფერს, ფიზიკურად შემეხო და ფიზიკურად იძალადა. ალკოჰოლური თრობის ქვეშ, ალბათ, გადწყვიტა ჩემთან დაემყარებინა აქტი. ჩამეხუტა, კისერში რომ გიწყებს კოცნას და ფეხებს შუა შეგიყოფს ხელს… აფექტის მდგომარეობაში ვიყავი, ტელეფონი დავინახე და ვუთხარი, ბატონო ილია, ყველაფერს ვიღებ და გავასაჯაროებ-მეთქი” ,– ჰყვება ქალი ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში. 

თოდაძე ამბობს, რომ პატრული 16:44 საათზე გამოიძახა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ოფისში, სადაც მისი ცნობით, ინციდენტის ამსახველი გარემო უნდა ყოფილიყო (ნამსხვრევები), პოლიცია ღამის 03:00 საათზე მივიდა, რა დროსაც ოთახი უკვე დალაგებული იყო.

თოდაძისა და მისი ადვოკატის ცნობით, ძალადობის ამსახველი ნიშნები დაზარალებულის სხეულზე იმავე დღეს დააფიქსირა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, ასევე, გამომძიებელმა, რომელმაც მას ფოტოებიც გადაუღო. ამასთან, ჩატარებულია ექსპერტიზაც, რომლის
შედეგებიც ჯერ უცნობია.

თამთა თოდაძის დედა ხათუნა ოქროპირიძე კი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც მისმა შვილმა საჯაროდ ისაუბრა საკრებულოს წევრის მხრიდან მასზე განხორციელებულ ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაზე, თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი