ახალი ამბები

ზარქუა: მყავდა პაციენტები, რომლებსაც მღვდლები მკურნალობის დაწყებამდე აბრკოლებდნენ

4 ოქტომბერი, 2019 • 4657
ზარქუა: მყავდა პაციენტები, რომლებსაც მღვდლები მკურნალობის დაწყებამდე აბრკოლებდნენ

ჰეპატოლოგი ჯაბა ზარქუა იხსენებს შემთხვევებს, როცა პაციენტებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტში ჩართვისა და მკურნალობის დაწყებისგან მღვდლები აბრკოლებდნენ.

ექიმის თქმით, მღვდლები პაციენტებს ეუბნებოდნენ, რომ არ იცოდნენ, მომავალში  რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა მკურნალობას და ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებდნენ:

“ერთი წლის წინ მყავდა ორი ახალგაზრდა პაციენტი, რომლებსაც მღვდელი აბრკოლებდა. მკურნალობის დაწყებამდე ეუბნებოდა, რომ არ იცოდა, მკურნალობას რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა მომავალში და ამაზე თავად პასუხისმგებლობას არ აიღებდა. დიდი მოწადინების შედეგად დავაჯერე პაციენტები, რომ მღვდლის საქმე არაა მკურნალობის დანიშვნა და გვერდითი მოვლენების კონტროლი, ისევე როგორც ჩემი საქმე არაა პაციენტის სულზე ზრუნვა და ზიარება. პაციენტებთან ვირუსი გავანადგურეთ”, – ამბობს ზარქუა.

მისი თქმით, ახლა კიდევ ჰყავდა ერთი პაციენტი, რომელიც მკურნალობის გასაგრძელებლად კურთხევას ელოდებოდა, მსგავსი ფაქტების შესახებ კი სხვა კოლეგებისგანაც სმენია:

“ახლა კიდევ გვყავდა ერთი პაციენტი, რომელიც მღვდლის კურთხევას ელოდა მკურნალობის გაგრძელების შესახებ და შედეგად მკურნალობა ძალიან ნაადრევად შეწყვიტა. როცა კურთხევა მიიღო, თავიდან დავიწყეთ პროცედურები მკურნალობის ხელახლა დასაწყებად – სათამაშო არაა მედიკამენტები, როცა მოგვეპრიანება მაშინ რომ დავლიოთ. ასევე, ჩემი კოლეგა-მეგობრებისგან მსმენია მსგავსი ფაქტების არსებობის შესახებ მთლიანად ქვეყნის მასშტაბით, ზემოთ მოყვანილ ორს უბრალოდ თავად შევესწარი”, – ამბობს ექიმი.

ზარქუა საპატრიარქოს მიმართავს და სთხოვს, მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის ყველაფერი გააკეთონ, რათა აღნიშნული დაბრკოლება აღმოიფხვრას:

“მინდა ვთხოვო ჩვენს საპატრიარქოს, რომელსაც მოსახლეობის უმრავლესობის ნდობა აქვს მოპოვებული, მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია, რადგან ზუსტად ვიცი, რომ სასულიერო მაღალიერარქები თანამედროვე მედიცინის მიღწევებზე თავად უარს არ ამბობენ და ცუდი იქნება, თუ ვინმე სადმე სხვებს აბრკოლებს თანამედროვე მედიცინის მიღწევებისგან.

იმედი მაქვს, ამ პრობლემას სისტემური ხასიათი არ აქვს და მორწმუნე ადამიანებს მართლა არ ევალებათ კურთხევის აღება სამედიცინო პროცედურების ჩატარებამდე. თუ ეს საეკლესიო რუტინაა (მკურნალობამდე კურთხევის აუცილებელ აღებას ვგულისხმობ), მაშინ ეს რუტინა გადასახედია, ჩემი მოკრძალებული აზრით. მოხარული ვიქნები, თუ მღვდლები არათუ დააბრკოლებენ პაციენტებს სამკურნალოდ, არამედ პირადი მაგალითით გახდებიან მისაბაძი ობიექტები მათთვის, გვერდში ამოუდგებიან, დაეხმარებიან, ათასი ჭორისა და მითის განადგურებაში დაგვეხმარებიან ექიმებს და შედეგად ამ მკვლელ ვირუსს, რომლითაც 150 000 ადამიანია ინფიცირებული და უამრავის სიცოცხლე უკვე შეუწირავს, ერთად დავამარცხებთ”, – ამბობს ექიმი.

აღნიშნულ საკითხზე “ნეტგაზეთი” საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთან დაკავშირებას შეეცადა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევების შესახებ არ სმენიათ და დამატებითი ინფორმაციისთვის საპატრიარქოს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე არქიმანდრიტ ადამ ახალაძესთან გვირჩია დაკავშირება. ახალაძემ გვთხოვა, რომ მომდევნო დღეებში დავუკავშირდეთ. საპატრიარქოსგან პასუხების მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.


C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებიდან 4 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში პირველადი შემოწმებით C ჰეპატიტის სავარაუდო არსებობა 123 000 ადამიანს დაუდგინდა, თუმცა მკურნალობა მხოლოდ 40-მა პროცენტმა დაასრულა.

ელიმინაციის პროგრამის მიზნების მიხედვით, 2020 წლისთვის ქვეყანაში C ჰეპატიტით ინფიცირებული 150 000 ადამიანის 90%-ის განკურნებისთვის უნდა მიეღწია (135 000 ადამიანი), თუმცა ექსპერტებიც და სახელმწიფოს წარმომადგენლებიც აღიარებენ, რომ მიმართვიანობის ამ ტემპებით 2020 წლისთვის დასახული მიზნის მიღწევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია და არ გამორიცხავენ, რომ პროგრამის შეწყვეტის შემთხვევაში ათიათასობით ადამიანი ძვირადღირებულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გარეშე დარჩეს.

მომავალში $80 ათასი დაგიჯდებათ მკურნალობა, რომელიც ახლა უფასოა და შესაძლოა გჭირდებათ

მასალების გადაბეჭდვის წესი