ახალი ამბები

გამოკითხვაზე დაბარებას “ფორმულას” ვუკავშირებ – ლაფერაშვილი

3 ოქტომბერი, 2019 •
გამოკითხვაზე დაბარებას “ფორმულას” ვუკავშირებ –  ლაფერაშვილი

“ფორმულას” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი ლაფერაშვილის თქმით, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარება ახლად დაფუძნებულ ტელეკომპანიაში მის საქმიანობას უკავშირდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ლაფერაშვილმა პროკურატურაში შესვლამდე უთხრა:

“გული მწყდება იმაზე, რომ ახლა საეთეროში უნდა ვიყო და გამოშვება გამყავდეს და ამ ძალიან მნიშვნელოვან დროს ვკარგავ არაფერში. გუშინ ვნახეთ, რამდენ ხანს გაგრძელდა ჩემი სამსახურის, ტელეკომპანია “ფორმულას” დირექტორის, ზუკა გუმბერიძის დაკითხვა. სავარაუდოდ, პროკურატურამ დღეს გადაწყვიტა, რომ ასევე მოიქცეს ჩემთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ ეს ყველაფერი [პროკურატურაში დაბარება] უკავშირდება ტელეკომპანია “ფორმულას.”

პროკურატურის ინფორმაციით, ლაფერშვილთან გამოკითხვა  ე.წ ინტერმედიის საქმის ფარგლებში უნდა მოხდეს, რომელზეც უწყებამ რუსთავი 2-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ბრალი  წარუდგინა.

“არ მგონია, საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს, რომელი დირექტორი რამდენ პრემიას მაძლევდა. ყველა მაძლევდა [პრემიას] და საკმაოდ ბევრს. მგონია, რომ საზოგადოებას სხვა კითხვები აქვს და ჩემი აზრით, მთავარი კითხვა არის ის, რატომ დღეს და რატომ არა გამოძიების დაწყების დღეს? რატომ მაშინ არა, როცა უარი ვთქვი რუსთავი 2-ში დარჩენაზე ანუ 19 ივლისს და რატომ დღეს, როცა ჩემი სახე  ტელეკომპანია “ფორმულას” პრომოში გამოჩნდა”, – ამბობს ლაფერაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი