ახალი ამბებისაზოგადოებახელოვნება

რა ელის “აპოლოს“

4 ოქტომბერი, 2019 • 12811
რა ელის “აპოლოს“

თბილისში, აღმაშენებლისა და კარგარეთელის ქუჩების კვეთაში პირველი ქართული კინოთეატრის, “აპოლოს“ შენობა დგას. აქ ფილმი პირველად 1909 წელს უჩვენეს, თუმცა ბოლო 30 წელია შენობა სტუმრებს ვეღარ მასპინძლობს

“აპოლო“ დღესდღეობით შპს “კონფიდენს გრუპს“ ეკუთვნის, თუმცა, შენობაზე გამოკრული აბრის მიხედვით – ის იყიდება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელიც თავდაპირველად 1990-იან წლებში გასხვისდა, 12 მლნ აშშ დოლარის ეკვივალენტად ლარში ჰყიდიან. დოლარის კურსის გათვალისწინებით, მსურველს “აპოლოს“  შეძენა 35 706 000 ლარად შეეძლება.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ შენობა იყიდება, “კონფიდენს გრუპი“ პარალელურად მის რეკონსტრუქციას და შენობისთვის სხვა ფუნქციების დამატებასაც აპირებს. კითხვაზე, როგორ ჩატარდება რეკონსტრუქცია, თუ შენობა უნდა გაიყიდოს, არქიტექტორი გვპასუხობს, რომ დამკვეთისგან მიიღეს მითითება – აბრას ყურადღება არ მიაქციონ.

რას ნიშნავს “აპოლო“ თბილისისთვის და რა ბედი ელის მას იმ შემთხვევაში, თუ მერია კომპანიას რეკონსტრუქციის ნებართვას მისცემს?

“პირველი ელექტროთეატრი“ – “აპოლოს“ მოკლე ისტორია

საქართველოში, მანამ, სანამ კინოთეტრები იარსებებდნენ, ფილმებს საცირკო შაპიტოებში, სახლებსა და სასტუმროებში უჩვენებდნენ. თუმცა 1904 წლიდან ეს მდგომარეობა ნელ-ნელა შეიცვალა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შენახული ცნობის მიხედვით, 1904 წელს თბილისში, რესტორან “დათვში“ პირველი სტაციონარული კინოთეატრი “ილუზიონი“ გაიხსნა, 1905 წელს კი  სოფია ივანეცკაიამ მუშტაიდის ბაღში საზაფხულო კინოთეატრი გახსნა.

“აპოლო“ იყო პირველი იმ კინოთეატრებს შორის, რომლის შენობაც თავიდანვე კინოთეატრის ფუნქციითა და ფილმების ჩვენების მიზნით აშენდა. “აპოლო“ ასევე იყო პირველი ელექტროთეატრიც, მისი არქიტექტურა კი მოდერნის სტილს ეკუთვნის, რომელიც თავის მხრივ, მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე კინოთეატრს ჰქონდა.

“აპოლო” ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტია, ის აგებულია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ სტილში- მოდერნი. არქიტექტურაში, დიზაინსა და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებაში გავრცელებულ ამ სტილს განსხვავებული სახელით მოიხსენიებენ – Art nouveau, Jugendstil, თუმცა ჩვენში ის მოდერნის სახელით გავრცელდა. თბილისში საკმაოდ მრავლად გვაქვს “მოდერნის“ შენობები, რითიც ძალიან ვამაყობთ კიდეც“, – ამბობს ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი.

ნეტგაზეთს ის ეუბნება, რომ “აპოლოს“ შენობაში ორი ინოვაცია – არქიტექტურული სტილი და კინო ხვდება ერთმანეთს.

“დავით აღმაშენებლის, ყოფილი მიხეილის გამზირი ნამდვილ კინომოყვარულთა გამზირად შეგვიძლია მოვიხსენიოთ , XX საუკუნის დასაწყისში აქ ერთამანეთის მიყოლებით 7 კინოთეატრი მდებარეობდა: “სატურნი”, „მოდერნი”, „ლირა”, „ოდეონი”, „მულენ-ელექტრიკი”, „ილუზიონი”და „აპოლო” . თუმცა “აპოლო” იყო პირველი კინოთეატრი, რომელიც აშენდა, როგორც კინოთეატრი“, – განმარტავს ამაშუკელი.

“აპოლო“ 1909 წელს აშენდა. დადასტურებულად უცნობია, თუ ვინ იყო ამ შენობის არქიტექტორი, ერთ-ერთი ვერსიითის რუს არქიტექტორს, კოლჩინის ეკუთვნის. შენობის გაფორმება ა. ნოვაკმა და კარლ სოუჩეკმა შეასრულეს.

აპოლოს კინოთეატრი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

კინოთეატრი თითქმის 80 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა, თუმცა 90-იან წლებში ფილმების ჩვენება შეწყდა. “აპოლო“ გასხვისდა.

„აპოლო“პირველად 1992 წელს კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მიერ გაიყიდა. კინოსტუდიის დირექტორი მაშინ რეზო ჩხეიძე იყო, ხოლო შპს „ქართული ფილმი – უძრავი ქონების“ დირექტორი- გურამ ბეგიაშვილი. 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული კინოთეატრების კუთვნილების საკითხი კინოთეატრების დირექტორებსა და სააქციო საზოგადოება „ქართულ ფილმს“ შორის მწვავე კამათისა და სასამართლო დავის საგანი იყო, თუმცა აპოლო მაინც გასხვისდა.

2002 წელს კინოთეატრი „აპოლო“ სს „ქართული ფილმის“ მაშინდელმა ხელმძღვანელობამ კულტურის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის თანხმობით 500 000 ლარად მიჰყიდა კერძო პირს იმ პირობით, რომ კინოთეატრს ათი წლით პროფილი შეუნარჩუნდებოდა და ახალი მეპატრონე მილიონნახევარი ლარის ინვესტიციას განახორციელებდა.

თუმცა ეს ასე არ მოხდა, ერთი თვის შემდეგ შენობა ისევ გასხვისდა. 2010 წელს კი, დავით აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის დროს, შენობის ფასადი მოპირკეთდა.

აპოლოს კინოთეატრი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ვინ არის ამჟამად “აპოლოს“ მფლობელი?

“აპოლოს“ შენობის მესაკუთრე, თბილისის არქიტექტურის სამსახურის საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, შპს “კონფიდენს გრუპია“. მან შენობა, რომლის ფართობიც 2400 კვ. მ-ია 2018 წლის 10 სექტემბერს გადაიფორმა. 

მისი მეწილეები არიან შპს “ელიტ პრო“- 50%; “ფელიქს გრუპ დი-ემ-სი-სი დუბაი“- 25% და “სკორპიო ინვესტმენტს ელ-თიდი“- 25%.

თუმცა ამჟამად მფლობელი “აპოლოს“ შენობას 12 მლნ აშშ დოლარად ჰყიდის.

ნეტგაზეთმა კითხვით მიმართა არქიტექტორს, რომელიც “აპოლოს“ რეკონსტრუქციაზე მუშაობს. მან გვითხრა, რომ აბრა დამკვეთის მიერ ფასის კვლევის სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია. არქიტექტორი განმარტავს, რომ კომპანიაში თანამშრომლები აბრის შესახებ გააფრთხილეს, თუმცა უთხრეს, რომ ეს მოცემულობა საყურადღებო არ არის.

შესაძლო რეკონსტრუქცია, “ორი შესასვლელის“ დავა და არქიტექტორის განმარტება

კინოთეატრის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციაზე “კონფიდენს გრუპმა“ თბილისის არქიტექტურის სამსახურში განცხადება უკვე შეიტანა. სამსახურმა კომპანიასა და არქიტექტორს ესკიზი შეუთანხმა, რაც ნიშნავს, რომ მშენებლობის დაწყებამდე, მათ პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის აღების სტადია უნდა გაიარონ.

სწორედ ამ ესკიზზე საუბრობდა არქიტექტორი ნიკა ლეკვეიშვილი, გადაცემა “რეალურ სივრცეში“, როდესაც თქვა, რომ დაბალ და მაღანაზღაურებადი სტუმრებისთვის ცალ-ცალკე შესასვლელები იქნება.

ფოტო: “აპოლოს“ რენდერიდან

“ლა სკალა იყო პირველი შენობა, რომელიც აშენდა ისე, რომ მას ჰქონდა ორი შესასვლელი, ერთი დაბალანაზღაურებადი მოსახლეობისთვის და ერთი- მრავალშემოსავლიანი საზოგადოებისთვის. ანუ პარტერისა და იარუსის საზოგადოება ერთმანეთს არ ხვდება… ამ პროექტში ჩვენ ნელ-ნელა მივედით… როგორც ხედავთ, ზედა იარუსი არის მხოლოდ სკამები, ზედა იარუსი არის თავიდან ბოლომდე დაბალშემოსავლიანი საზოგადოებისთვის, რომლებსაც ყოველდღე უნდათ მოსვლა და ამ პერფორმანსის ნახვა…

ეს რომ იყოს სახელმწიფო პროექტი, მე ძალიან გამიხარდება… მე არქიტექტორი ვარ… მე ვუდგები შენობას მისი ფუნქციების მიხედვით, ეს არ არის იმ მიზნით, რომ საზოგადოებრივი დაყოფა იყოს. თავიდან იყო ისეთი იდეა, რომ ეს იყოს ექსკლუზიური, ძვირადღირებული.,“

ფოტო: “აპოლოს“ რენდერიდან

ამ განცხადებას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. სოციალურ ქსელების მომხმარებლების ნაწილი წერდა, რომ მსგავსი მიდგომა კინოთეატრის სტუმართა სოციალური ნიშნით დაყოფას ნიშნავს, ეს მიდგომა კი საზოგადოებისთვის მიუღებელია.

ზემოხსენებული განცხადება ნეტგაზეთთან არქიტექტორმა შემდგომ განმარტა და თქვა, რომ მისთვის პირდაპირი ეთერის ფორმატი უჩვეულო იყო. ის კი, რაც ეთერში გავიდა, უბრალოდ, დაუსრულებულ აზრს წარმოადგენდა.

ნიკა ლეკვეიშვილი განმრტავს, რომ კონცეფციის მიხედვით, შენობისთვის ორი შესასვლელის მიშენება არ იგეგმება. მისი თქმით, შენობას ექნება მხოლოდ ერთი შესასვლელი, თუმცა, კინოთეატრის ფუნქციების გარდა, სხვა სივრცეები – მათ შორის, სამუშაო და საგამოფენო- დაემატება.

არქიტექტორი აცხადებს, რომ როდესაც ლა სკალას მაგალითზე საუბრობდა, საერთოდ სხვა რამეს გულისხმობდა: მისი თქმით, ლა სკალას დაფუძნებისას მას მართლაც ორი შესასვლელი ჰქონდა, თუმცა ახლა ეს დისკრიმინაციული მიდგომა შეცვლილია. საპირწონედ კი ლა სკალას სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილიც აქვს აღებული – აქ გარკვეულ დღეებში ბილეთები 10-15 ევროდ იყიდება. ამასთანავე, არსებობს წევრობის სისტემაც და მასთან დაკავშირებული ფასდაკლებები.

ნიკა ლეკვეიშვილი აცხადებს, რომ იმავე იდეის დანერგვა უნდა “აპოლოს“ რეკონსტრუქციაშიც, თუმცა პროექტი ჯერ დამტკიცებული არ არის და, შესაბამისად, ეს იდეა მხოლოდ კონცეფციის დონეზე არსებობს.

არქიტექტორი ამბობს, რომ დარბაზი, სადაც ადრე ეკრანი იყო, ორ ნაწილად დაიყოფა – ქვედა და ზედა იარუსებად. ქვედა იარუსზე ტრანსფორმირებადი სკამები იქნება, გვერდით კი, მაგიდები. ამ სივრცეში, გარდა კინოჩვენებისა, გაიმართება სხვადასხვა პერფორმანსებიც.

ლეკვეიშვილის თქმით, ბილეთების გაყიდვა მენეჯმენტის ნაწილს წარმოადგენს, თუმცა მისი სურვილია, რომ ზედა იარუსზე ბილეთები სიმბოლურ ფასად გაიყიდოს ან/და წევრობაზე იყოს დაფუძნებული. ამავე დროს სტუმრებს შენობაში შესვლა არა მხოლოდ ჩვენებისა და პერფორმანსის დღეებში შეეძლოთ, არამედ ყოველდღე, რისთვისაც, ქვედა სართულზე უნდა მოეწყოს საგამოფენო და სამუშაო სივრცეები.

“ჩვენ ძირითად ხაზს ვხედავთ შემდეგნაირად – ჩვენ გაკეთებდით ძველი ეკრანის რესტავრაციას, სადაც მათ შორის გავიდოდა ძველი ფილმები, ქართული კინოს რეტროსპექტივა, ქვემოთ, სცენასთან კი, მას მუსიკოსები გაახმოვანებდნენ.

თვითონ სკამებს რაც შეეხება, ზემოთ სართულზე გადავწყვიტეთ, რომ იყოს სტაციონარული სკამები – ძველი მწყობრის აღდგენა, ხოლო ქვევით სცენა, რომელიც ჩადის და ადის, სცენას ვიყენებთ როგორც ლიფტს, რომ საჭირო შემთხვევაში მოხდეს ამ მთლიანი სივცრის ტრანსოფორმაცია სხვადასხვა ღონისძიების მიხედვით“, – აცხადებს ლეკვეიშვილი.

ფოტო: “აპოლოს“ რენდერიდან

 

“აპოლოს“ დარბაზი ახლა. ფოტო: სქრინი პროექტიდან

ნიკა ლეკვეიშვილის თქმით, წევრობაზე დაფუძნებული ბილეთების სისტემა აირჩიეს იმისთვის, რომ “აპოლოში“ სტუმართა ნაკადს მუდმივად ევლო და ბილეთების ყიდვა გაცილებით უფრო იაფად შეძლებოდა.

“ცხადია, [სტუმრებს] შეეძლებათ ან ქვემოთ ჩასვლა, ან ზემოთ ასვლა“, – ამატებს ის.

უქმნის თუ არა საფრთხეს “აპოლოს“ შენობას მისთვის სხვა ფუნქციების დამატება – შეფასებები

გიორგი რაზმაძე – კინომცოდნე

“ეს არის ევროპაში ერთ-ერთი უძველესი კინოთეატრი, გარდა იმისა, რომ ის არქიტექტურულად ძალიან მნიშვნელოვანია თბილისისთვის, მას აქვს მსოფლიო მნიშვნელობაც – სწორედ ამ დროს ევროპაში იწყებოდა პირველი კინოთეატრების გახსნა, ისეთების, როგორსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ. საფრანგეთში პირველი კინოთეატრი 1905 წელს გაიხსნა, “აპოლო“ კი 4 წლის შემდეგ აშენდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ამ მომენტში პირდაპირ ევროპის კულტურულ სივრცეში ვიყავით შესულები“, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში გიორგი რაზმაძე.

მისი თქმით, გარდა ამისა, შენობა იმასაც უსვამს ხაზს, თუ რამდენად პოპულარული იყო კინო საქართველოში, ვინაიდან ასეთი ძველი და იმ დროისთვის მასშტაბური კინოთეატრით ცოტა ქვეყანა თუ დაიტრაბახებდა.

გიორგი რაზმაძე გვიყვება, რომ 1909 წლიდან, თითქმის 80 წლის განმავლობაში, მათ შორის, საბჭოთა კავშირის დროს, “აპოლოს“ თავისი ფუნქცია არ შეუცვლია, მიუხედავად იმისა, რომ 50-იან წლებში  ჩაუტარდა რეკონსტრქუცია და მასაც აღებეჭდა ეპოქის ნიშანი. “ჩვენ ამ კინოთეატრის მაგალითზე ვხედავდით, რა ხდებოდა ქვეყანაში, რა დამოკიდებულება ჰქონდა კინოსადმი ხელისუფლებას.“

კინომცოდნე იხსენებს, რომ გასხვისების შემდეგ, 90-იან წლებში, კინოთეატრი უბრალოდ დაიკეტა და უკვე 30 წელია, რაც ნგრევისთვისაა მიტოვებული.

“დღეს კი, რასაც ინვესტორი გვთავაზობს, ამ ნგრევის გაგრძელებაა, რადგან, რა მნიშვნელობა აქვს, „აპოლოს“ რესტავრაცია ჩაუტარდება თუ არა, თუკი ის არ იქნება კინოთეატრი… ამ შენობის ღირსება არა მხოლოდ არქიტექტურა, არამედ ფუნქციაცაა – რომ ის იყო კინოთეატრი.“

რაზმაძე განმარტავს, რომ საქართველოს მსგავსად, თითქმის ყველა ქვეყანაში რთული დრო უდგათ ერთდარბაზიან კინოთეატრებს, რომლებიც სავაჭრო ცენტრების ნაწილები არ არიან. მით უფრო კი მათ, რომლებიც მხოლოდ კომერციულ კინოს არ აჩვენებენ.

“ასეთ კინოს ყოველთვის, ყველგან უჭირს, მაგრამ სახელმწიფო იმის სახელმწიფოა, რომ ის ეხმარება ასეთი კულტურული კერების შენახვას. თუკი ჩვენ ვინახავთ ოპერას, თუკი ჩვენ ვეხმარებით მრავალ მუნიციპალურ თეატრს – ერთი, ისტორიული კინოთეატრი რატომ არ უნდა გვქონდეს ამხელა ქალაქს, რომელიც საბჭოთა კავშირშიც კი გამოირჩეოდა ერთ სულ მოსახლეზე კინოთეატრების დიდი რაოდენობით.

ისე აღმოჩნდა, რომ დღეს ისტორიულ ნაწილში და ზოგადად, ქალაქშიც, არ გვაქვს არცერთი ისეთი კინოთეატრი, რომელიც თავის ისტორიულ შენობაში იქნებოდა განთავსებული. თითქოს კინო და კინოკულტურა საქართველოს საერთოდ არ ჰქონია – ასეთი შთაბეჭდილება რჩება დღეს. იყო რუსთაველის კინოთეატრი, რომელიც 1939 წელს გაიხსნა და ისიც დაიკეტა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სახელწმიფომ ძალიან უსამართლოდ დაიბანა ხელი და გავიდა ამ პროცესიდან“.

 

თამარ ამაშუკელი – ხელოვნებათმცოდნე

 

“თავისთავად ამ შენობის და ზოგადად, თბილისში არსებული კინოთეატრების ბედი, რომლებიც, როგორც გითხარით, მრავლად იყო აშენებული და არსებობდა- როგორც საბჭოთა პერიოდამდე, ასევე საბჭოთა პერიოდის შემდეგ – სამწუხარო და ძალიან სევდიანია. პრაქტიკულად, ქალაქში აღარ შემოგვრჩა კინოთეატრი, რომელიც თავდაპირველადვე ამ ფუნქციით იყო აშენებული.

ყველა მათგანი ან დანგრეულია, ან მათი ფუნქცია შეცვლილია. რამდენიმე ობიექტია შემორჩენილი თავდაპირველი სახით და ფუნქციით, მათ შორის არის “აპოლო“ და ასევე კინო “რუსთაველი”. ორივე ობიექტზე დღეს მიმდინარეობს ადაპტაცია-რეკონსტრუქციის პროცესები. ორივე შემთხვევაში თითქოს მეპატრონეები გვპირდებიან, რომ კინოთეატრს დატოვებენ, ანუ დარბაზი და ეკრანი დარჩება, მაგრამ, ამავდროულად, შენობა დაიტვირთება სხვა ფუნქციითაც, კინოდარბაზები აღარ იქნება განკუთვნილი მხოლოდ კინოჩვენებებისთვის, გაამართლებს თუ არა ასეთი კინოთეატრი – ამას მოგვიანებით ვნახავთ”, – ამბობს ამაშუკელი.

თამარ ამაშუკელი განმარტავს, რომ ინვესტორის დაპირება- ამ ეტაპზე “აპოლოს“ მოცულობა არ შეცვალოს – ძალიან კარგია. ვინაიდან მანამდე ყველა მფლობელს აპოლოს შენობაზე დაშენება, მოშენება, ცვლილება ან რეკონსტრუქცია უნდოდა, რომელიც ხშირად უხეშად არღვევდა არქიტექტურული ძეგლის იერს.

“მესმის და გასაგებია: იმისთვის, რომ პროექტი რენტაბელური იყოს და შენობამ მფლობელს მოგება მოუტანოს, მას უწევს გარკვეული ადაპტაცია, რაც, სამწუხაროდ, გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს თვითონ კინოთეატრისა და კინოს სტრუქტურაში. მე მესმის, რატომ ღელავენ კინოს სპეციალისტები. მართალი გითხრათ, არც მე და არც მათ არ ახსენდებათ რომელიმე კინოთეატრის მაგალითი, სადაც შეთავსებულია მაგიდები, ჭამა-სმა და ამავე დროს სეანსი“, – ამბობს ხელოვნებათმცოდნე.

ამაშუკელი ჰყვება, რომ ყველაზე დიდი შეცდომა “აპოლოს“ შემთხვევაში თავად კინოს საზოგადოებამ დაუშვა, როდესაც მათ ბალანსზე არსებული თითქმის ყველა კინოთეატრი გაიყიდა ან გასხვისდა, ახალ მფლობელს კი ვალდებულებად შენობისთვის ფუნქციის გრძელვადიანად შენარჩუნება ხელშეკრულებაში არ ჩაუდეს.

“სამწუხაროა, რომ სახელმწიფომ ვერ შეინარჩუნა ვერც ერთი კინოთეატრი, რომლშიც მას შეეძლო გაეკეთებინა თუნდაც მუნიციპალური კინოთეატრი, ან რაიმე სხვა ფორმით შეენარჩუნებინა ქლაქისთვის მნშვნელოვანი ობიექტი იმავე ფუნქციით, რითაც ის არის აშენებული.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ არქიტექტურული იერი, არამედ, რა თქმა უნდა, მისი ფუნქციაც. სამწუხაროდ, ჩვენ გვინდა, რომ ეს ვიღაცას დავაბრალოთ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ბრალი, ალბათ, კინოსაზოგადოებას მიუძღვის, შემდეგ კი- სახელემწიფოს: ერთმა თავის დროზე გაყიდა თითქმის ყველაფერი და თავი ჩაიგდო ამ მდგომარეობაში, მეორე კი ხშირად ვერ იაზრებს მსგავსი ობიექტების ღირებულებებს და მათ რაობას ქალაქისთვის, ქვეყნისთვის.

თუმცა მათ დასაცავადაც უნდა ითქვას , რომ ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ და სახელმწიფოს ხშირად არც აქვს ფუფუნება გამოისყიდოს და შემდგომ ბალანსზე აიყვანოს მსგავსი ობიექტები“, –  ამბობს თამარ ამაშუკელი.

 

ნინო ძანძავა – არქივისტი, კინომცოდნე

“თუკი თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში არსებული კულტურული დაწესებულებები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რატომ არ შეიძლება სახელმწიფომ დააფინანსოს მუნიციპალური კინოთეატრის ფუნქციონირება?

საზოგადოება არ დავობს იმაზე, რომ მას სჭირდება ოპერისა და ბალეტის თეატრი,რუსთაველის თეატრი, მარჯანიშვილის თეატრი და სხვა სახელოვნებო ინსტიტუციები, რომლებიც ქართული თეატრალური, მუსიკალური თუ სხვა ხელოვნებების არსებობას და განვითარებას განაპირობებს. თუკი სახელმწიფო და საზოგადოება იღებს ვალდებულებას მათზე, რა დააშავა კინომ, რომელიც ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ქართული სახელოვნებო სივრცის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იყო მეოცე საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული“, – ამბობს ნეტგაზეთთან ნინო ძანძავა.

ძანძავა ჰყვება, რომ სამწუხაროდ, სახელმწიფოსა და საზოგადოებას საქართველოში კინემატოგრაფიის მიმართ ჯერ კიდევ სტერეოტიპული დამოკიდებულება აქვს. ეს უკანასკნელი კი ვლინდება იმაში, რომ კინოს უყურებ, როგორც შედარებით დაბალ ხელოვნებას, რაც დასანანია.

მისი თქმით, ის, რომ თბილისს არ აქვს მუნიციპალური კინოთეატრი ან სინემათეკის ტიპის თუ სამუზეუმო კინოთეატრი, “მეტყველებს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს გაუნათლებლობაზე და ჩამორჩენილობაზე გლობალური მასშტაბით“.

“კინოს კულტურა არ არის მხოლოდ ფილმების წარმოების კულტურა, მას კინოს პრეზენტაციის და მაყურებლამდე მიტანის კულტურაც შეადგენს მნიშვნელოვანწილად. ქართველებს ხომ აუცილებლად შერცხვებოდათ, ოპერა რომ არ ფუნქციონირებდეს ქალაქში?

ეს ხომ მათ ღირსებაზე იმოქმედებდა, მაშინ რატომ არ მოქმედებს ჩვენს ღირსებაზე ის, რომ არ გვაქვს პროგრამული კინოთეატრი, სადაც თანამედროვე არაკომერციულ და ადრინდელი პერიოდის ფილმებს ვნახავდით? მუნიციპალური კინოს არარსებობა ქალაქში ყველაფერთან ერთად არის უმადური დამოკიდებულება ეროვნული კინოს ისტორიის და იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ქმნიდნენ მას“, – ამბობს ნინო ძანძავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი